განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან ელექტრონული სახელმძღვანელოების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ სასწავლო წელს პირველად გვექნება ელექტრონული სახელმძღვანელოები, როგორც ქაღალდის წიგნების ალტერნატივა. თუმცა, მინისტრის თქმით, იქნება ქაღალდის წიგნებიც. როგორც მინისტრმა აღნიშნა ყველა წიგნის ტარება სავალდებულო არ უნდა იყოს.
“ამაში ბევრი კომპონენტი იგულისხმება. ერთია, რომ ყველა სახელმძღვანელოს ტარება სავალდებულო არ იყოს; მეორე, გაკვეთილების რაოდენობა აუცილებლად უნდა შემცირდეს; მესამე არის, რომ სადაც დიდტანიანი სახელმძღვანელოებია, აუცილებლად უნდა გავყოთ; მეოთხეა, რომ ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც შემოვა, უნდა იყოს წონის სტანდარტის შესაბამისობაში. ეს სტანდარტები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე შევიმუშავეთ და შესაბამისად, ჩვენი მოსწავლეების ჩანთები უკვე წელს შემსუბუქდება”, _ განაცხადა განათლების მინისტრმა.
ჯეჯელავას თქმით, „ეს პროცესი ჯერ დაბალი კლასების მოსწავლეებს შეეხება, ზედა კლასების მოსწავლეების ჩანთების შემსუბუქება კი შემდგომი წლების ამოცანა იქნება“.
“წელს პირველად გვექნება ელექტრონული სახელმძღვანელოები, როგორც ალტერნატივა ქაღალდის წიგნების ანუ იქნება ქაღალდის წიგნებიც და ელექტრონულიც. მაგალითად, სახლში მოსწავლე ქაღალდის სახელმძღვანელოთი იმუშავებს, სკოლაში ელექტრონულს წაიღებს”, _ განაცხადა განათლების მინისტრმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved