ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა _ ამჯერად საქმე ეხება საპატიო მოქალაქის სტატუსს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, დიდი ზარზეიმით, სახალხო დღესასწაულ “ალეგრობაზე” ანზორ ერქომაიშვილს მიანიჭეს.
თუმცა, “გურია ნიუსმა” გაარკვია, რომ ერქომაიშვილს ეს წოდება უკვე ჰქონდა _ მას საპატიო ოზურგეთელის სტატუსი 2014 წელს მიანიჭეს და ამის ამსახველი მასალა ჩვენს არქივშიც ინახება.
ოზურგეთის მერისგან შეუძლებელი გახდა იმის გარკვევა, რატომ მიანიჭეს ხელმეორედ ერქომაიშვილს საპატიო ოზურგეთელის წოდება _ კონსტანტინე შარაშენიძემ ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
ამ კითხვაზე პასუხი არც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს ეკატერინე მგელაძეს აქვს, რომელმაც კულტურის სამსახურის უფროსთან მარინა ჯაფარიძესთან გადაგვამისამართა:
_ მე არ შემიძლია ამ კითხვაზე გიპასუხოთ. მარინა ჯაფარიძეს ჰკითხეთ, _ გვითხრა მგელაძემ.
ჯაფარიძემ, შარაშენიძის მსგავსად ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. არადა, 2014 წელს, მაშინ როცა ერქომაიშვილს ეს სტატუსი მიანიჭეს, ჯაფარიძე ქალაქ ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა და ეს ფაქტიც უნდა სცოდნოდა, რადგან იმ ღონისძიების ორგანიზატორი, სადაც ერქომაიშვილი საპატიო ოზურგეთელის სტატუსით დაჯილდოვდა, სწორედ ჯაფარიძის სამსახური იყო.
უფრო მეტიც, იგი იმ კომისიის წევრიც იყო 2014 წელს, რომელმაც საპატიო ოზურგეთელები აირჩია.
და კიდევ ერთი დეტალი _ 2014 წლის 8 ნოემბერს, ჯილდოს გადაცემის დროს ანზორ ერქომაიშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა და მაშინ, ეს ჯილდო ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი დონაძეს საზეიმოდ გადაეცა.