ირკვევა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთში ხიდი, რომელიც ამორტიზირებული იყო, გაკეთებიდან მეორე დღეს ჩატყდა და მანქანა ჩაიყოლა. ფაქტის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, საბედნიეროდ, მომხდარის შედეგად არავინ დაზიანებულა.
“ახალი თუ იყო, კი ჩატყდებოდა. ჯერ გაზრდა და დავაჟკაცება რატო არ აცალეს?” _ მომხდარ ფაქტს ირონიით ეხმიანება ერთ-ერთი ადგილობრივი.
“ვფიქრობთ, რომ ამდენ შეცდომას სჯობდა, კეთილსინდისიერად გაგეკეთებინათ ეს ხიდი თავის დროზე.
ეს რკინის დროებითი სათამაშო და მეორადი სინკარები ამოვიდა ყელში.
თუ რამეს აკეთებთ, მოეკიდეთ პასუხისმგებლობით და თვალში ნაცარს ნუ გვაყრით, რომ ვითომ რამე კეთდება.
კარგად ვიცით, რისთვის რა თანხები ირიცხება და კეთილი ინებეთ, მოახმარეთ სოფელს.
ამ ქმედებებით აშკარაა თქვენი სიყვარული თქვენივე სოფლის და მთლიანად თემის მიმართ.
დაპირებები და შეუსრულებადი სამუშაოები, ან თუ აკეთებენ, გეშინოდეს უნდა, თავზე არ დაგეცეს, ან არ ჩავარდე.
მდგომარეობა რთულია, ასეთ დაუდევრობით შესრულებულ სამუშაოებს შეიძლება მოჰყვეს მსხვერპლი.
საერთოდ თუ კეთდება რამე ამ სოფელში?! _ არც არაფერი. ნგრევა იცოცხლე, დაძველდა და გაფუჭდა ყველაფერი.
სირცხვილია ბოლოს და ბოლოს, გზა არ გვაქვს და ხიდსაც ნორმალურსაც არ აკეთებენ.
ახლა არავინ დაშავებულა. როგორც ჩანს, სანამ საშინელება არ მოხდება, მანამ ვერც ჩვენ გამოვფხიზლდებით და ვერც ხელისუფლება.
ჩვენ მიჩვეულნი ვართ იმას, რომ თუ რამე კეთდება, მესამედიც არ იხარჯება გასაკეთებელზე. ისევ მოსახლეობის ბრალი ყოფილა, რომ ვითხოვთ ხარისხიან გაკეთებულ საქმეს.
წლებია, გზას ველოდებით, ახლა ეს ხიდი დაემატა. ლოდინის მეტი რა დაგვრჩენია.
ასეა უგზო, უწყლო სოფლის საქმე. პატრონი რომ ჰყავდეს ამ სოფელს, მაშინ არ იქნება ასეთი მდგომარეობა. ისეთი პატრონი უნდა ჰყავდეს, ვისაც უყვარს სოფელი.
გზას და წყალს რამდენი წელია, გავიძახით, მაგრამ არსად ჩანს. იმედს არ ვკარგავთ მაინც.
მეტის ღირსები ვართ, მეტის! სამთავრობო “პრადო” ყველაფერს უძლებს და იქიდან ყველაფერი კარგად ჩანს!” _ ქვემო აკეთში ახლად რეაბილიტირებული ხიდის ჩანგრევის ფაქტს ასე ეხმაურებიან სოფლის მცხოვრებლები.
ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით კი, ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო და ჯერ დასრულებული არ არის, ადგილზე მიმდინარეობს ხარვეზის აღმოფხვრა. მერიისვე განმარტებით, აღნიშნული ხიდის გვერდით მოეწყო ალტერნატიული გზა, რომ მშენებლობის დასრულებამდე გადაადგილების პრობლემა არავის შეექმნას.
ქვემო აკეთის მკვიდრთა თქმით, ეს ალტერნატიული გზა სწორედ რომ ხიდის ჩანგრევის შემდეგ მოეწყო.
ავტორი