დღეს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა , კონსტანტინე შარაშენიძემ 2020 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა.
თავდაპირველად საანგარიშო ვიდეორგოლის მეშვეობით, გამოჩნდა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი 43 917 800 ლარი იყო.
დარბაზში მყოფთ, ვიდეო მასალებით აჩვენეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სად რამდენი და როგორი გზა და ხიდი გაკეთდა. აღნიშნეს, რომ პანდემიის პირობებში არ შეჩერებულა არცერთი პროექტი, მხოლოდ გრაფიკის გადანაცვლება მოხდა. ვიდეომასალაში ნაჩვენები იყო ყველა მიმართულებით, სფეროების მიხედვით, სად რა გაკეთდა და რაში რა დაიხარჯა.
შემდეგ მოხსენება თავად შარაშენიძემ გააკეთა.
_ თქვენ ნახეთ, რაც გაკეთდა. ეს არის ის, რაც ზოგს მოეწონა, ზოგს არა. ამ ხნის მანძილზე იყო შესაბამისი შემოტევებიც, ზოგი პოლიტიკური და ზოგიც – პანდემიური. რას ვიზამთ. ასეა. დაგეგმილი ბიუჯეტის კორექტირებაც მოგვიხდა. 6 მილიონით შეგვამცირებინეს და მერე გზაშიც მოგვაწიეს, 600 ათასით კიდევ შემცირების შესახებ. ყველაფერი ერთად არ კეთდება. უცებ ვერ მოედები , მაგრამ რაც გვაქვს დაგეგმილი, ყველაფერს გავაკეთებთ. ეს არის ის, რაც მთავრობასთან ერთად შევძელით, რომ გაგვეკეთებინა, – თქვა შარაშენიძემ.
სხდომაზე კითხვები დასვეს საკრებულოს წევრებმა.
ლავრენტი ბიგვავამ დასვა მრავალი კრიტიკული კითხვა და ამასთანავე აღნიშნა, რომ მერის მოხსენებას ბოლომდე გასდევდა ხაზი, რომ საკრებულო და მერია მუშაობდნენ კოლეგიალურად.
_ ერთი-ორი ჩემი ახლობელიც ავრცელებს ხმებს, რომ თითქოს საკრებულო და მერია ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს ასე არ არის. საკრებულოზე კრიტიკულ აზრს ბევრჯერ დასვამენ, მაგრამ ეს საქმის კეთებას სჭირდება, _ თქვა ბიგვავამ.
სხდომაზე ხმაური მოჰყვა ნაციონალი დეპუტატების დავით მჟავანაძის და ბესო ქათამაძის სიტყვით გამოსვლას.
დავით მჟავანაძემ კოტე შარაშენიძეს კორუმპირებული უწოდა. კერძოდ, მან მიმართა მერს, რომ წინა წელს, დეკლარაციის მიხედვით 48 ათასი იყო მისი შემოსავალი და შეძენილი ქონება კი 150 ათასი ლარისაა. მან, ასევე, სხვა არაერთი ბრალდება წამოუყენა შარაშენიძეს. თან ხელში ქაღალდების შეკვრას ჩატრიალებდა და ემუქრებოდა, რომ მასალებს, რაც ხელში ეკავა, ჟურნალისტებს გადასცემდა.
შარაშენიძემ მჟავანაძეს უთხრა, ქაღალდებს, რომელსაც მჟავანაძე აფრიალებდა, პასუხს არ გასცემდა და თუ საჭირო იყო, შესაბამისი ორგანოები გამოიძახებდნენ.
მეორე ოპოზიციონერმა, ბესო ქათამაძემ იგივე გაიმეორა და შარაშენიძეს კორუმპირებული უწოდა. თან ყვიროდა, რომ ის მერად მათი ძალისხმევით აირჩიეს და „ხალხს ხმა მიაცემინეს“, რაზეც შარაშენიძე იცინოდა.
კოტე შარაშენიძემ კვლავ არ გასცა მათ ბრალდებ ას პასუხი.
_ არჩეული მერი ვარ, საჯარო მოხელე და რომ არა თმენის ვალდებულება, ახლა ეს ორივე დასათქეშია, _ თქვა შარაშენიძემ, რაზეც „ნაციონალი“ დეპუტატები ძალიან გაბრაზდნენ და დარბაზი ხმაურით დატოვეს.
მალე, ვრცლად ამ საკითხზე საგაზეთო სტატიაში გიამბობთ.