„ჯერ ჩავარდა პირველი სპექტაკლი, მერე მეორე სპექტაკლი და ახლა გვთავაზობენ პირველი ჩავარდნილი სპექტაკლის მეორე სერიას, რაც არის ღიმილისმომგვრელი და სასაცილო,“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დღეს “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ ფარულ ვიდეოჩანაწერს, სადაც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფიგურირებენ.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ღიმილისმომგვრელია“ ეს ჩანაწერები, რადგან ეს საკითხები აქტუალური აღარც არის.
ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, უნდა დაიკითხოს თუ არა ოთარ ფარცხალაძე, კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ სპექტაკლი ჩავარდა და დამთავრებულია ეს კომედია, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენ ნაცმოძრაობამ “რუსთავი 2”-ის მეშვეობით,“ – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, აუდიოჩანაწერების საუბრების შინაარსი „კომიკურია.“
„რუსთავი 2“-ს მიაწოდეს ვიდეო ჩანაწერი, სადაც “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ხელმძღვანელი პირებისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის საუბარია ასახული. ყიფიანი ჩანაწერებში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ცდილობდა „ომეგა ჯგუფის“ საქმის მოგვარებას, რის გამოც მას კონფლიქტი ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მოუვიდა, რომელიც ამ ბიზნესს დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა.
ლევან ყიფიანი ჩანაწერების პირველ ნაწილში დეტალურად იხსენებს ე.წ. ცნობილი სარდაფის ეპიზოდის დეტალებს, მეორე ჩანაწერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილსა და “ომეგა ჯგუფის” სხვა წარმომადგნელებს უყვება, რომ ყველა პრობლემას ივანიშვილს ოთარ ფარცხალაძე უგვარებდა.