„ახლა ვუსმინე ამ გაურკვეველი წარმოშობის დაუსრულებელ, ივანიშვილი ფინთი–კრუშკა, პრემიერად წოდებულ არსებას, იმედად მონათლულ ბოროტების არხზე.
ეს პერსონა იურიდიულად დღესვეა დასაპატიმრებელი საზოგადოებაში უდიდესი შუღლისა და დაპირისპირების პროპაგანდირებისთვის, ხოლო ტელეკომპანია იმედი ასაკრძალია, მისი ანგარიშები დასაყადაღებელი.
მათ მმართველ რუხაძეს კი უნდა ჩამოერთვას ამერიკის მოქალაქობა თავის ქვეყნის (ამერიკის) წინააღმდგ მტრული საქმიანობისათვის.
ყველაფერს ვაკეთებთ რათა ეს სიურპრიზები მათთვის დროზე მოხდეს.აი სად იყურება ამერიკის საელჩო და ელჩი რომელივ ამ ტელევიზიის ხშირი სტუმარია კვლავ კითხვებს იწვევს.“ _ წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
ცნობისთვის, დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტის აქციებისა და ლაზარე გრიგორიადისის შესახებ ისაუბრა.
პრემიერის თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც პოლიციაზე თავდასხმის საქმეში მხილებულია.
„რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი. ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა, როგორ ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“ ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, ამას არავის ვაპატიებთ. ეს არის მიუღებელი წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. ასევე, ნახა საზოგადოებამ, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული. მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, რა თქმა უნდა, მათი საბოლოო მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც, რა თქმა უნდა, არავის გამოუვიდა და არ გამოუვა.
რაც შეეხება ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს – მე მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს ადამიანები იყვნენ მომზადებული იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა კიდევ ერთხელ, რომ ამის მიზანი გაცილებით შორსმიმავალი იყო. მადლობა პოლიციას, სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს კეთილდღეობას, ეს არის სწორედაც დეგრადირებული ექსტრემისტული ოპოზიცია. მათ არ უნდათ, რომ იყოს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, სტაბილურობა. ყველაფერს აკეთებენ, რომ შეიწირონ საკუთარი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება. მე მინდა ყველას მკაფიოდ ვუთხრა, რომ დღეს ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე დგას, მტკიცედ და ძლიერად დგას. ჩვენ ვინარჩუნეთ მშვიდობას, სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ამ გზაზე ვერავინ შეგვეწინააღმდეგება.
რა თქმა უნდა, მიუღებელი ის, რაც მოხდა. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არის ბრალდებული და მხილებული პოლიციაზე თავდასხმის საქმეში. ეს არის მიუღებელი. კანონი აღსრულდება ყველას მიმართ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დაფუძნებული მტკიცებულებებზე და არავის უსამართლოდ არ დავსჯით. არ დაგვისჯია, არც არავინ არ დაისჯება,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.