13 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხანმოკლე, რიგგარეშე სხდომა შედგა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი დამსწრეთ საკრებულოს მეოთხედ არჩეულმა თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ გააცნო. თან მიულოცა და უთხრა, დღეს პირველი სხდომაა, ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომაა და წარმატებას გისურვებთო.
დეპუტატებმა მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკითხი მოისმინეს და მხარი დაუჭირეს. კერძოდ, ცვლილება მეთვრამეტე მუხლში შევიდა, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ეხება.
მეორე საკითხი, რომელზეც დეპუტატებმა იმსჯელეს, იყო: ” მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქალაქ ოზურგეთის პარკში, თეატრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ”.
აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა სურგულაძემ. ასევე, იმსჯელეს დეპუტატებმა და საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიიდან შემოვიდა, დადებითად გადაწყდა.
სურგულაძემ მიულოცა ახლად არჩეულ საკრებულოს წევრებს ეს დღე, ასევე, პაატა კუნჭულიას მერის პოსტზე არჩევა და წარმატებები უსურვა.
_ მინდა გითხრათ, რომ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს სურს თავისი უფლებამოსილების გახორციელებისთვის 9 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყოფა. ეს არის ჰაერის მონიტორინგის შესრულებისთვის საჭირო დანადგარის განსათავსებლად. მოთხოვნა არის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, უფლება-მოვალეობის შესასრულებლად. ასეთი მონიტორინგის სადგურები დგას ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში, იაპონიაში. ის ყველგან დგას საჯარო სივრცეებში და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს, _ თქვა ხათუნა სურგულაძემ.
ავტორი






























































