ამ წუთებში ლანჩხუთში, ლესა-ნიგვზიანის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე აქციას მართავს ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა.
როგორც ისინი „გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, მათ პრეტენზიები აქვთ ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ იტალიურ ფირმა „ტოდინისთან“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ მათი საყანე ფართობების ღობეები დააზიანა და თუ ხარვეზი არ გამოსწორდა, შემოდგომაზე მოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.
„ჩვენი სოფლის საყანე ფართობები სწორედ იმ ტერიტორიაზეა, რომელი გზითაც აღნიშნული კომპანია სარგებლობს ავტობანზე მუშაობისას. 300 ჰექტარი უკვე დახნულ-დათესილი გვაქვს, მაგრამ თუ ყურადღება არ მოგვაქციეს, მთელი შრომა წყალში ჩაგვეყრება. ვითხოვთ „ტოდინიმ“ ან მათ მიერვე დაზიანებული ღობეები შეგვიკეთონ, ან დარაჯი დააყენონ, რომ საქონელი არ შევიდეს ყანებში“, _ ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და სოფლის მაჟორიტარი, სპარტაკ კვაჭაძეც იმყოფებოდა.
„ჩვენ მოსახლეობისგან მომავალი კვირის სამშაბათამდე ვითხოვეთ ვადა. დიდი ალბათობით, შევთანხმდებით, რომ საყანე ფართობებთან, სადაც ღობეებია დაზიანებული, დარაჯი დადგეს, რომ ნათესებში პირუტყვი არ შევიდეს, _ გვითხრა კვაჭაძემ.