ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მოსახლეობა სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიების დახურვას აპროტესტებს.
აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ორსართულიანი შენობა გურიის ყოფილმა გუბერნატორმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა წლების წინ, ერთ ლარად აჩუქა აწგარდაცვლილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელს, დემურ მეგრელიშვილს.
ორსართულიან შენობაში სასურსათო მაღაზიები და სხვა სავაჭრო ობიექტებია განთავსებული.
დემურ მეგრელიშვილის ოჯახი სასამართლოს ძალით აპირებს შენობის დაბრუნებას. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ სასურსათო მაღაზიებით ირჩენენ თავს.
“ჩვენი მოთხოვნაა შენობა არ გადაეცეს მეგრელიშვილების ოჯახს, რომელსაც ლარად აჩუქა რამაზ ნიკოლაიშვილმა“, _ აცხადებენ აქციაზე შეკრებილი ადგილობრივები.
აქციას შეურთდა სოფელ ბახვის გამგებელი გოჩა შარაშენიძე, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსახლეობის პროტესტს და მოთხოვნას ეთანხმება.
“მოსახლეობა ამ მაღაზიებით სულდგმულობს“, _ თქვა გოჩა შარაშენიძემ.
ამ თემაზე ვრცელ მასალას “გურია ნიუსი“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.