პარლამენტთან სამართალდამცველებსა და გიორგი ვაშაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. გიორგი ვაშაძე მოითხოვდა, რომ მას ხელით არ შეხებოდნენ. დაპირისპირების მიზეზი პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება გახდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა რევაზ არველაძემ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.
დემონსტრანტები არველაძეს შეძახილებით დახვდნენ და “მონა” უწოდეს. არველაძე იმ დეპუტატებს შორისა, რომელმახ მხარი დაუჭირა პროპორციულზე გადასვლას.
მეორე დეპუტატი მერაბ ქვაარაია იყო, რომელმაც მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.
პარალელურად, „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველების ჯგუფებია მობილიზებული. მმართველი პარტიის ოფისში კი „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან.
17 ნოემბერს ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. პარალელურად აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.
მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.
წყარო: იმედინიუსი