გაერო-ს მივმართეთ და მათი არხებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოსთვის მოთხოვნის გაგზავნა, _ ეს განცხადება ჟურნალისტებთან საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
ზურაბ ალავიძის თქმით, სტიქიასთან ბრძოლაში დახმარება ხელისუფლებამ გაერო-ს მეშვეობით ითხოვა და ეს მოთხოვნა ორგანიზაციის არხებით დაეგზავნა გაერო-ს წევრ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს.
„მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, გაერო-ს მეშვეობით, მათი არხებით მოხდა მიმართვა. გაერო-ს მივმართეთ და მათი არხებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოსთვის მოთხოვნის გაგზავნა, პროცედურულად ასეა. როგორც ვიცი, ამ არხით იყო ეს ყველაფერი მოგვარებული“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციისთვის რუსეთის მიერ შეთავაზებული დახმარების შესახებ გუშინ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად ისაუბრა. ზახაროვა ასევე გამოეხმაურა საქართველოში გაჩენილ ხანძრებთან რუსეთის შესაძლო კავშირზე გამოთქმულ მოსაზრებებს.
1tv.ge