“კარგია, რომ ჩემი საჯარო სამსახურიდან წამოსვლიდან 2 წლის შემდეგ ისევ გახსოვართ. ალბათ, მოგენატრეთ და გინდათ დავბრუნდე საჯარო სამსახურში”, _ ასე ეხმიანება სოციალური ქსელის საშუალებით ლანჩხუთის ყოფილი პირველი პირი ზაზა ურუშაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, შესაძლოა, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, მის მიმართ სამართალდამცავებს კითხვები ჰქონდეთ.
კერძოდ, საუბარია სოფელ აცანის ცენტრში 2015-2016 წლებში გახორციელებულ მეწყერსაწინააღმდეგო პროექტზე, რისთვისაც მილიონ-ნახევარ ლარამდე თანხა იყო განკუთვნილი. გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძეს ბრალი პროკურატურამ, შესაძლოა, ინფრასტრუქტურული პროექტების გასახორციელებლად გამოყოფილი თანხების მითვისებისათვის წაუყენოს.
ზაზა ურუშაძეს, რომლის აზრითაც, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ლანჩხუთი ერთ-ერთი მოწინავე იყო საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების მხრივ და ამით ამაყია, მიაჩნია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანი მისი დისკრედიტაცია იყო. ამბობს, რომ ეს ყველაფერი ზღაპარია და ყოველთვის კანონის შესაბამისად მოქმედებდა:
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აცანის თემში შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაო არის უნიკალური და საქართველოში ერთ– ერთი გამორჩეული გამაგრებითი პროექტი. ეს იყო ორწლიანი გარდამავალი პროექტი, რომელიც შესრულებულია კანონის სრული დაცვით. შემსრულებელი რამდენჯერმე დაჯარიმდა გრაფიკის დარღვევის გამო (როგორც მახსოვს), სამუშაო ჩაიბარა კომისიამ ხოლო შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზამ. რომ არა ეს პროექტი, სავარაუდოდ, აცანას დღეს ადმინისტრაციული შენობა აღარ ექნებოდა და დიდი საფრთხის წინაშე იდგა მოსახლეობაც და სამანქანე გზა…
მე კანონი არასდროს დამირღვევია და არც მომავალში ვაპირებ რამე უკანონობა ჩავიდინო. ასე რომ, წერეთ ეს ზღაპრები და იკითხე. უნამუსობასაც აქვს საზღვარი… მე ვამაყობ იმით, რომ ჩემი გამგებლობის დროს ლანჩხუთის რაიონი ერთი–ერთი მოწინავე იყო საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების მხრივ. კარგია, რომ ჩემი საჯარო სამსახურიდან წამოსვლიდან 2 წლის შემდეგ ისევ გახსოვართ. ალბათ, მოგენატრეთ და გინდათ, დავბრუნდე საჯარო სამსახურში“, _ წერს მასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის პასუხად ყოფილი გამგებელი.
არის თუ არა დაინტერესებული რეალურად სამართალდამცავი უწყება ლანჩხუთის ყოფილი პირველი პირით, ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ მმართველი გუნდის ადგილობრივი წარმომადგენლები. მათი თქმით, ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე ადგილობრივი მედიასაშუალებებით გაიგეს და სხვა არაფერი იციან.