ოზურგეთში „ალეგრობის“ ტრადიციული დღესასწაული, წელს მასშტაბურად აღინიშნა. გასული წლებისგან განსხვავებით, წლევანდელ ზეიმზე ოზურგეთს რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია ეწვია. განსკუთრებული იყო უკრაინიდან, გენიჩესკის დელეგაციის სტუმრობა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ხელი ოზურგეთსა და გენიჩესკს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც სათავეს 1938 წლიდან იღებს. მემორანდუმს ხელი, როგორც ოზურგეთის, ისე გენიჩესკის მუნიციპალიტეტის მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა მოაწერეს.
აქვე მოხდა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადებული ფილმის ჩვენება, ოზურგეთისა და გენიჩესკის მეგობრობის შესახებ, სადაც თავმოყრილი იყო დოკუმენტური კადრები.
სტუმრების წინაშე ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის გოგონათა ანსამბლი უკრაინული სიმღერით წარსდგა, რასაც სტუმართაგან ხანგრძლივი ოვაცია მოჰყვა. უკრაინელი სტუმარი ქალბატონები კი ტიროდნენ.
უკრაინელმა სტუმრებმა ეროვნული სიმღერა და ასევე, ქართული „სულიკო“ შეასრულეს.
„ალეგრობის“ სახალხო დღესასწაულზე, საზოგადოება განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ, მიმდინარე წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით 100%-იანი გრანტის მფლობელი ათი სტუდენტის დაჯილდოებას.
სახალხო ოვაცია და ხანგრძლივი ტაში დაიმსახურა ცნობილი ექიმის, ნანა ტრაპაიძისთვის ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებამ. ასეთი წოდება სულ ათ მოქალაქეს მიენიჭა.
„ალეგრობის“ დღესასწაულზე განსაკუთრებით ბავშვების სიხარული სჭარბობდა.
_ შინ ვერ გავჩერდი. ერთი შვილიშვილი ცეკვავს, მეორე _ მხარზე მაზის და უყურებს, _ გვითხრა ოზურგეთელმა ვახტანგ დოლიძემ.
იამზე გოგუაძე, რომელიც ღონისძიებაზე სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ დღესასწაული ძალიან მოსწონს.
_ კარგია ასეთი ღონისძიება, ბავშვებს რაც უხარია, ის გვახარებს ჩვენც. მომწონს, რომ გენიჩესკის და ოზურგეთის მეგობრობა ახალ სათავეს იღებს, _ თქვა მან.
„ალეგრობაზე“ სტუმრად მყოფმა თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა „გურია ნიუსთან“ კომენტარი გააკეთა:
_ „ალეგრობაზე“ ოზურგეთში შარშანწინაც ვიყავი. ძალიან მომწონს და მიყვარს თქვენი ქალაქი. მომეწონა და გამიხარდა, რომ ღირსეული სტუდენტები დააჯილდოვეს. ეს მოტივაციაა, რომ მათი რაოდენობა გაიზარდოს. მომეწონა _ საუკეთესო ქორეოგრაფები და ანსამბლები ჰყავთ. ყველას გილოცავთ და გისურვებთ, კიდევ და კიდევ უკეთესი და ბედნიერი „ალეგრობა“ ჩაგეტარებინოთ, _ გვითხრა მან.