უკრაინის რადის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგატებს მოუწოდა, რომ რუსეთის წარმომადგენლებს უფლებამოსილება შეუჩერონ.
ასევე უკრაინის რადის დეპუტატმა, საქართველოში რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, უფლებამოსილების შეჩერება აუცილებელია, რადგან ისინი პუტინს ,,მკვლელობებსა და კორუფციაში” ეხმარებიან.
“რუსეთსა და ცივილურ სამყაროს შორის ომი მიმდინარეობს, საქართველოს ტერეტორიები კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რა შეიცვალა? არაფერი, მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩემს ქართველ მეგობრებს, ამაში ვინაა დამნაშავე? პუტინი. რუსული აგრესიის დაწყების დღიდან 13 000 ადამიანია მოკლული, ახლაც ისინი კვლავ კლავენ ადამიანებს და ომი არ დასრულებულა. რუსეთში შიგნით რას ვხედავთ, ნავალნის საქმეს, 21–ე საუკუნეში ისევ ქიმიური იარაღი ოპოზიციონერის მოსაკლავად. ეს პრეზიდენტი თვითონ კლავს მათ ვინც მისი წინააღმდეგია, რუსეთის წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეჩერება აუცილებელია, რადგან ისინი პუტინს მკვლელობასა და კორუფციაში ეხმარებიან” – განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.
ცნობისთვის, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა ნაწილმა, მათ შორის საქართველოს დელეგაციამაც გაასაჩივრა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ორ დღეში გამოცხადდება.