პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა.
ალექსეი ნავალნიმ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა მხარდამჭერისთვის. მისი თქმით, ამ მხარდაჭერის წყალობით, ექიმებმა ის ორჯერ შეამოწმეს და მას ანალიზებსა და კვლევებს უტარებენ.
“ექიმებს, რომელთაც ვენდობი, გუშინ გამოაქვეყნეს განცხადება, რომ ჩვენ მივაღწიეთ საკმარისს, იმისთვის, რათა შიმშილობა შევწყვიტო. ასევე პირდაპირ ვიტყვი მათ სიტყვებს, რომ ანალიზის ჩვენებით მცირე ხანში სამკურნალო აღარავინ იქნებოდა… ეს სიტყვები ყურადღების მიქცევას იმსახურებდა”, _ წერს ალექსეი ნავალნი.
ცნობისთვის, 18 აპრილს, ალექსეი ნავალნის ექიმმა, იაროსლავ აშიმხინმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს. მისი განცხადებით, ნავალნის სისხლის ანალიზის შედეგების თანახმად, კალიუმის დონე იმდენად მაღალია, რომ, შეიძლება, გულის გაჩერება გამოიწვიოს. ის ასევე ამბობს, რომ გაზრდილია კრეატინინის დონეც, რაც თირკმელების ფუნქციონირების დაქვეითებაზე მიანიშნებს.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფ ალექსეი ნავალნისთან ექიმები უნდა დაუშვას.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, ამას რუსეთისთვის შედეგები მოჰყვება.
შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა 24 დღის წინ დაიწყო.