საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ უარყო იმ დოკუმენტის ნამდვილობა, რომელიც დღეს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის მიერ გავრცელდა. თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს თავად შარაშენიძის შტაბში შექმნილი დოკუმენტია.
როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, “ქართული ოცნება” დამაჯერებლად მოიგებს მეორე ტურს. მისი განცხადებით, ეს კარგად იციან შარაშენიძის შტაბში და ამ დოკუმენტის გავრცელებით საკუთარი თავის დემორალიზაციას ახდენენ.
რაც შეეხება ე.წ. “შკოდასა” და “ტოიოტას” მარკის ავტომობილებს, თალაკვაძის თქმით, ოზურგეთში არა მარტო დღეს, ბოლო წლებია, ახალი ავტომანქანების და შენობების სიმრავლეა, რაც ქალაქის განვითარებაზე მიუთითებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მან წარმოადგინა 31 პუნქტისაგან შემდგარი დოკუმენტი, რომლის თანახმად, ხვალ საარჩევნო პროცესი ოზურგეთში რთულ ვითარებაში წარიმართება. შარაშენიძემ მოუწოდა ხელისუფლებას და დიპლომატიურ კორპუსს, მიიღონ პრევენციული ზომები არჩევნების მშვიდობიანად ჩასატარებლად.