ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის პრეზიდენტობის კანდიდატები თორმეტმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა, _ ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიქელაძის განმარტებით, კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა არის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. ამასთან, მისივე თქმით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 40 დღისა, საარჩევნო სუბიექტებმა ხელმოწერები უნდა წარმოადგინონ, რომელსაც ცესკო გადაამოწმებს.
„საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, რეგისტრირებულ პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს აქვს უფლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით მომართოს. ამის შემდეგ იწყება ხელმოწერების შეგროვების პროცედურები, მათი მინიმალური ოდენობა საარჩევნო ადმინისტრაციის პირველივე სხდომაზე, მას შემდეგ, რაც არჩევნები დაინიშნა, უკვე განსაზღვრულია. მას შემდეგ, რაც ეს სუბიექტები – პარტიები და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები ხელმოწერებს შეაგროვებენ, მათ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 40-ე დღისა საარჩევნო ადმინისტრაციაში ხელმოწერები უნდა წარმოადგინონ. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია ამ ხელმოწერებს შეამოწმებს, ხოლო კანდიდატების რეგირსტაციის ბოლო ვადა არის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა”,-განმარტა ანა მიქელაძემ.