ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ციცინო როხვაძემ, არ დააკმაყოფილა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით მჟავანაძის სარჩელი.
“ყველა შტო ემსახურება ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში. კონკრეტული ფაქტები გვქონდა, რატომ უნდა დათვლილიყო ბათილი ბიულეტენები, მაგრამ, ეს ხელისუფლებას, არანაირად აწყობს. იმიტომ უნდა დათვლილიყო ეს უბნები, რომ, არაერთი კომისიის თავმჯდომარის ახსნა-განმარტება ვნახეთ, სადაც ბევრი კითხვის ნიშანია. ერთ-ერთი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ასეთი განმარტება ეწერა: 72-ის მაგივრად უნდა დამეწერა 2 და შემეშალაო; ასევე, ერთი წერდა, რომ სულ დამავიწყდა დამეწერაო, რამდენი ამომრჩეველი იყო მოსულიო არჩევნების დღესო. არაერთი მსგავსი ფაქტები არსებობს, მაგალითად 60/62 საარჩევნო უბანზე 34 საჩივარი იყო დაწერილი და არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ეს ყველაფერი ბადებს დიდ ეჭვებს და ამაზე აუცილებლად მოეთხოვა ამ ხელისუფლებას, “– თქვა დავით მჟავანაძემ “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს.
“ჩვენ ვითხოვდით გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ბათილი ბიულეტენების გადათვლას, მაგრამ ამაზე უარი გვითხრეს, როგორც საოლქოში და სასამართლოში. მსგავსი გადაწყვეტილებები არის მიღებული საქართველოს ყველა რეგიონში. საოლქო საარჩევნო კომისიის და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიგვანიშნებს ერთ რამეზე- საქართველოში გაყალბდა არჩევნები და ახლა ამ შედეგების ოფიციალური გამოცხადებისთვის ყველაფერს აკეთებს “ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამ ქმედებებზე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი ხელისუფლებას“ – ამბობს დავით მჟავანაძე.
ამ ეტაპზე დავით მჟავანაძეს მოსამართლის გადაწყვეტილება ოფიციალურად, არ ჩაბარებია:
“ხვალისთვის ჩამბარდება მოსამართლის გადაწყვეტილება და აუცილებლად გავასაჯაროებ თუ, რის გამო არ დააკმაყოფილა მან ჩემი სარჩელი“, – აღნიშნა დავით მჟავანაძემ.