უფლებადამცველი ბაია პატარაია ლგბტ თემის წარმომადგენელთა დღევანდელი შეკრების შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც უფლებადამცველი წერს, ვერ ურჩევს თემს გამოვიდეს თუ არა აქცუაზე. თითონ ბაია პატარაია აქციაზე მისვლას არ აპირდებს, რადგან იქ ვერ გამოდიან მისი “ჰომოსექსუალი დები და ძმები”.
“გუშინ თანასწორობის მოძრაობის ოფისში დამიძახეს, სადაც წყდებოდა 17 მაისის ჩატარება-არჩატარების საკითხი. იქაც ვთქვი და აქაც გავიმეორებ, მე ვერ ვურჩევ თემს გავიდეს თუ არ გავიდეს აქციაზე, ეს მათი გადასაწყვეტია; აქ არ არსებობს სწორი და არასწორი პოზიცია; ორივე გადაწყვეტილებას აქვს თავისი ძლიერი არგუმენტები და რომ მე ვიქნები სოლიდარული ნებისმიერი მათი გადაწყვეტილებისა, რადგან 17 მაისი არის სწორედ ლგბტ თემის უფლებების დაცვის დღე.
იქ შეკრებილმა ათეულობით ლგბტ აქტივისტმა გადაწყვიტა არ ესარგებლა შეკრების თავისუფლებით, რადგან სათუოა არა მარტო დღევანდელი უსაფრთხოება, არამედ ხვალ-ზეგ, როცა მარტონი გამოვლენ ქალაქში და ერთად აღარ იქნებიან, შესაძლოა გახდნენ კიდევ უფრო გაზრდილი აგრესიის მსხვერპლნი. მათ გადაწყვიტეს საზოგადოებაში ფესვგადგმულ ჰომოფობიას აქციით არ დაუპირისპირდნენ, არამედ გამონახონ სხვა გზა, სხვა ენა. მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ვუცხადებ სოლიდარობას.
რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ ამით მეც მეზღუდება ჩემი შეკრების თავისუფლება და რომ ფაშისტებმა ყველა სივრცე წაგვართვეს – მე ვაპირებ კიდევ ბევრჯერ გამოვიყენო შეკრების თავისუფლება. მე მაქვს პრივილეგია, როცა მინდა მაშინ ჩავატარო აქცია პარლამენტთანაც და კანცელარიასთანაც და ლგბტ პირებისაგან განსხვავებით, მეორე დღეს არავინ გამომეკიდება ქუჩაში საცემად.
მე დღესაც შემიძლია გავიდე 17 მაისის აქციაზე ზედმეტი რისკების გარეშე, მაგრამ არ გავალ, რადგან იქ ვერ გამოდიან ჩემი ჰომოსექსუალი დები და ძმები, იმიტომ რომ ამ ქვეყანას არ ჰყავს პასუხისმგებლობიანი მთავრობა და პარლამენტი, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ჰომოფობიას და ტრანსფობიას ახალისებს ხელისუფლება, ის ახალისებს ფაშსისტურ ჯგუფებსაც. მე არ მოვიტყუებ თავს, რომ ამ ქვეყანაში ლგბტ ადამიანების უფლებები და შეკრების თავისუფლება დაცულია, რადგან არ არის. 17 მაისი მათი დღეა და ამ დღეს მე გავატარებ ისე, როგორც მათ გადაწყვიტეს.
ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა გრძელდება!” _ წერს ბაია პატარაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.