ოზურგეთში კოვიდინფიცირების 305 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი ამბობს, რომ ინფიცირების კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან.
“ინფიცირების შემთხვევები არის ძალიან მომატებული. მათ შორის არიან უმეტესად სიმპტომიანი პაციენტები, რომლებიც ან კონტაქტირებულები იყვნენ ინფიცირებულთან ან სიმპტომი ჰქონდათ და ტესტის გაკეთების შემდეგ დაუდასტურდათ ვირუსი. სხვადასხვა სკოლებსა და ბაღებში არის გატარებული შემზღუდველი ღონისძიებები. ამ მატებას ველოდით და კიდევ ველოდებით. თებერვლის პირველ ნახევარში, სავარაუდოდ, პიკი უნდა გვქონდეს. ამ პერიოდში განსაკუთრებული აქცენტი უნდა მიექცეს რეგულაციების წესების დაცვას, ყველანაირი თავშეყრისა და სუფრის არიდებას. სიმპტომის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ ექიმს. ეს სიმპტომები არის გრიპის მაგვარი გამოვლინება, ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ყელში ჩაფხაჭნის შეგრძნება, ხველა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ინფიცირებულთან კონტაქტი თუ ფიქსირდება აუცილებლად უნდა მიმართონ უბნის ექიმს და ის განსაზღვრავს საჭიროა თუ არა ტესტირება. ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში კეთდება ტესტი. თუ ტესტი არ არის დადებითი, მაგრამ ადამიანს აქვს სიმპტომები, ამ შემთხვევაში აუცილებელია სახლის პირობებში იზოლაციაში დარჩენა და ექიმთან შეთანხმებით მკურნალობის გაგრძელება. როგორც წესი, ინფიცირებულთან კონაქტის შემთხვევაში მეორე დღეს ტესტი არ აჩვენებს დადებით პასუხს”,_ ამბობს სიმონიშვილი.
როგორ უნდა მოხდეს სახლის პირობებში იზოლაციის დაცვა_ ამ კითხვაზე ეპიდემიოლოგი ამბობს:
“სახლის პირობებში იზოლაციისთვის უნდა იყოს ცალკე გამოყოფილი ფართი. ოჯახის წევრებთან შეხვედრა არ უნდა მოხდეს საკვების მიღების დროს, არ უნდა ჰქონდეთ საერთო საძინებელი. სველი წერტილების და სამზარეულოს ფართის გამოყენების შემდეგ დეზინფექცია უნდა ჩატარდეს”.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 14148 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 12983 პაციენტი, გარდაცვლილია 92.