წლევანდელი შემოდგომა საკმაოდ უხვნალექიანი გამოდგა და წვიმის ინტენსივობამ საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს. განსაკუთრებით, ეს მდინარის კალაპოტების მიმდებარე ტერიტორიაზე იგრძნობოდა, სადაც ასე თუ ისე გამართული ინფრასტრუქტურა უძლური აღმოჩნდა მთიდან წამოსული ღვარცოფების წინაშე, გააქტიურდა მეწყერული ზონებიც.
გასულ კვირას უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სტიქიის შედეგად სოფლებში _ არჩეულსა და წიაღობანში გზის სავალი ნაწილი დაიმეწყრა. ასევე, რამდენიმე ადგილას საკარმიდამო ნაკვეთებშიც ჩამოწვა მეწყერი.
მდგომარეობას ადგილზე გასაცნობად საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე იმყოფებოდნენ.
რიგ სოფლებში კი უკვე აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, ჩოჩხათისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, გზის დაზიანებული მონაკვეთების მოწყობა მიმდინარეობს.
“აკეთს თუ ვინმე მიაქცევდა ყურადღებას, არ მჯეროდა. იმედია, ნაგომარი-შუხუთის დამაკავშირებელი გზა სრულად დაიგება”, _ საქციელს უწონებს და ლანჩხუთის ხელმძღვანელობის მიმართ მადლიერებას გამოთქვამს კობა მათითაიშვილი.
“ამ “ნაგლეჯა” გზის დაგებას რომ შეეშვათ და ნორმალური გზა დააგოთ, არაა?! მეორე გაწვიმებაზე წყალი მაინც ჩამორეცხავს თქვენს “ასფალტს”. ამას გზა ქვია თუ ბილიკი? ორი მანქანა გვერდს ვერ აუვლის ერთმანეთს”, _ ასეთია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მეორე ნაწილის პოზიცია.
[sexy_author_bio]