ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკაში არსებული სისხლის ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ, ეხმაურება.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, როდესაც სისხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ეს ფაქტი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.
„საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს უფლებას, შესაბამისი შეფასება გავაკეთო, მაგრამ როდესაც სისხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ, თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული და უამრავმა ადამიანმა უანგაროდ შესთავაზა დახმარება ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს.
ამ ბავშვების მკურნალობის პროცესში დაიხარჯა ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი, რაც ძალიან ცოტაა, ამაზე ნაკლები მოცულობა უბრალოდ არ არსებობს. მარაგი, რა თქმა უნდა, შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. მას თავისი რესურსიც აქვს. ერთი ერთეული ყოველთვის არის“, _ აღნიშნა დავით სერგეენკომ.