2024 წლის 15 დეკემბერს შავ ზღვაში ძლიერი შტორმი დაიწყო. ორი რუსული ნავთობტანკერი “ვოლგონეფტი” ავარიაში მოყვა. კერჩის სრუტეში მაზუთი დაიღვარა, რომელმაც მალევე მიაღწია ჯერ კრასნოდარის მხარის, შემდეგ კი ანექსირებული ყირიმისა და აზოვის ზღვის სანაპიროს.
ორი თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ ზღვაში მაზუთის ახალი და ახალი ნაკადები ფიქსირდება. ეკოლოგები აცხადებენ, რომ ამ კატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლით ექსპორტისთვის მოძველებული ტანკერების გამოყენება.
jam-news-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულოთ, რომ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში ნავთობპროდუქტები რუმინეთის, ბულგარეთის, საქართველოსა და თურქეთის ნაპირებს მიაღწევს
“დროთა განმავლობაში მაზუთი ნაწილობრივ კარგავს თავის დისპერსიულ ნარევს, ამიტომ ეკოლოგები იმედოვნებენ, რომ უფრო მასშტაბური კატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.
თუმცა ამის დანამდვილებით თქმა შეუძლებელია, რადგან არავინ იცის, რამდენი მაზუთი დარჩა ტანკერებში და რა ინტენსივობით იწურება იგი. ასევე უცნობია, რამდენი ნავთობპროდუქტი უკვე მოხვდა შავი ზღვის აკვატორიაში – რუსულმა მხარემ ამაზე არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გაავრცელა.
ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, მაზუთის დაღვრა არა მხოლოდ უკრაინასა და რუსეთს, არამედ რუმინეთს, ბულგარეთს, საქართველოსა და თურქეთსაც დააზარალებს.
„ჩვენ ვაწარმოებთ კომუნიკაციას ჩვენს პარტნიორებთან და მეზობლებთან ბულგარეთიდან და რუმინეთიდან. გარემოს დაცვის მინისტრების დონეზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. მაგრამ რუსეთი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ შავ ზღვაში შევიდნენ ის ხომალდები, რომლებიც კვლევებს და ანალიზებს ჩაატარებდნენ, განსაკუთრებით იმ ზონაში, რომელსაც რუსეთი საკუთარ ტერიტორიულ წყლებად მიიჩნევს. ამიტომ, დღეს ძალიან რთულია იმის თქმა, იქნება თუ არა ეს კატასტროფა მთელი შავი ზღვისთვის და როგორი იქნება მდგომარეობა უახლოეს თვეებში. ალბათ, ისეთი მასშტაბური კატასტროფა, რომელიც ბულგარეთის, რუმინეთის და, შესაძლოა, თურქეთის კურორტულ სეზონზე რადიკალურად იმოქმედებდა, არ გვექნება. მე მაინც ოპტიმისტი ვარ,“_ ამბობს ევგენი ხლობისტოვი.
ბულგარეთის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სკოლა ნიკოლა ვაფცაროვის სახელობის, რომელიც ვარნაში მდებარეობს, მონიტორინგს უწევს სიტუაციას ტანკერების კატასტროფის შემდეგ. ადგილობრივი ეკოლოგების თქმით, ამ ეტაპზე შავი ზღვის ამ ნაწილის წყლების დაბინძურების საფრთხე არ არსებობს. თუმცა, ეკოლოგები არ გამორიცხავენ, რომ დაბინძურების არეალი გაიზარდოს.
„ჩვენ არ ვიცით ამ ავარიის ყველა დეტალი და როგორ გადაადგილდება ნავთობის ლაქა შავი ზღვის აკვატორიაში. როდესაც ვსაუბრობთ სატელიტურ სურათებზე, სატელიტი მხოლოდ ლაქის არსებობას აფიქსირებს, მაგრამ ვერ განსაზღვრავს მის სტრუქტურას. ის ვერ ახდენს წყლის ანალიზს. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ იმის დაფიქსირება შეგვიძლია, რომ ამ ადგილზე ზღვის წყალში მაზუტის ელემენტებია. მაგრამ რამდენია ის და რამდენად კატასტროფულია?“_ აცხადებს ევგენი ხლობისტოვი.
2024 წლის დეკემბრის ბოლომდე უკრაინის საზღვაო ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი აქვეყნებდა ანგარიშებს დაბინძურების შესახებ. ორგანიზაციის მოდელური გათვლების მიხედვით, მაზუტი თანდათან ვრცელდებოდა შავი ზღვის აკვატორიაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ მიმართულებით.
ამასთან, უკრაინის Greenpeace-ში აცხადებენ, რომ დაბინძურება ვრცელდება არა მხოლოდ შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში. ის უკვე მიაღწია ოდესის ოლქს და რუმინეთის საზღვარს, თუმცა ეს ინფორმაცია ეკოლოგებს ზუსტად ვერ დაუდასტურებიათ”,_ წერია ინფორმაციაში.
ვრცლად: jamnews
































































