სამგზავრო ყვითელი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება და მეტროსთვის ახალი ვაგონების დამატება_ამ საკითხებზე დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კალაძის განცხადებით, 15 სექტემბრიდან პიკის საათებში მეტროს მგზავრებისთვის ლოდინის დრო 3 წუთამდე შემცირდება.
„მიმდინარე წელს დავამატეთ მეტროს 4 ახალი შემადგენლობა და გავახორციელეთ სარკინიგზო ხაზის ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაცია. კერძოდ ისეთი მონაკვეთების, რომლებიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა. გადავამზადეთ ახალი მემანქანეები და ამის შედეგად 15 სექტემბრიდან, პიკის საათებში შესაძლებელი იქნება ლოდინის 5 წუთიდან 3 წუთამდე შემცირება. თუმცა, ამ შედეგით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, უნდა დავამატოთ ახალი ვაგონები, რომ ლოდინის დრო 2 წუთამდე შემცირდეს“,_განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, 2019 წლის ბოლოსთვის თბილისში 550 ახალი ავტობუსი იქნება შემოყვანილი, ამ წლის ბოლოს კი დედაქალაქში 80 ახალი ავტობუსი შემოვა, რომლებიც ყვითელ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.
„მნიშვნელოვანია ავტობუსების თემა. წლის ბოლოს 80 ახალი ავტობუსი შემოვა, ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები და ამის პარალელურად მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეულ 8 მეტრიან ახალი ავტობუსების შესყიდვის პროცესი და 2019 წლის ბოლოსთვის 550 ახალი ავტობუსი იქნება შემოყვანილი“,_განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისში სატრანსპორტო კვლევა მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი, ესაჭიროება თუ არა დედაქალაქს 550-ზე მეტი ავტობუსი.