“როდესაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გახდეს საჯარო, ამან ძალიან შეაშინა ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც გახარიას გუნდს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში თუ მის ფარგლებს გარეთ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, დღეს გამოვლინდა, რომ საიტის რეკონსტრუქციაზე გადაწყვეტილება გიორგი გახარიას პრემიერობის დროს იყო მიღებული.
„ჩვენ გვეუბნებოდნენ მაშინ, რომ ხდებოდა რეკონსტრუქცია. რა იყო საბაბი, შეიძლება, გამოჩნდეს მომავალში. ქურდს რომ ქუდი ეწვის, ამ პრინციპით გამოვარდნენ და დაიწყეს თავის მართლება. არადა, უბრალოდ დასახელებული იყო თარიღი და ამ თარიღში პრემიერი იყო გიორგი გახარია, რომელიც გუნდის შიგნითაც გვეუბნებოდა, რომ საიტის რეკონსტრუქცია მიდის”,_ განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ „ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა „ნაცი“ და ნაცმედია, ასევე გახარიები ცდილობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიეწერათ ღარიბაშვილისთვის და დღეს, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება გახარიას მიერ პრემიერობის დროს იყო მიღებული, რეკონსტრუქციის მოტივით. სად არის რეკონსტრუქცია? რომ გათიშეს საიტი და დააწერეს რეკონსტრუქცია, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ? ვიღაცამ ხომ დაიწყო რეკონსტრუქცია? სად არის ეს ადამიანი? რამე წარწერა მაინც შეიცვალა? არაფერი შეცვლილა, არანაირი რეკონსტრუქცია არ მომხდარა. გახარიას გადაწყვეტილებით, მთავრობის ყველა გადაწყვეტილება აბსოლუტურად დამალული გახდა”.