ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის პირველი კლასის ზეიმი, „ამბები ანბანეთიდან“, ზუსტად ისეთი საარაკო ამბებით გაჯერებული სცენარის გახორციელებით დაიწყო, როგორც პედაგოგ ეკა დარჩიას კრეატიულ აზროვნებას ჩვევია.
ლიტერატულ-მუსიკალური კომპოზიციები, მხატვრული წიაღსვლები – მუდამ გამორჩეული და ორიგინალური საკუთარი მიდგომით , მოზარდებთან ურთიერთობაში , _ ასეთია ამ პედაგოგის იმიჯი სასკოლო ცხოვრებაში. შედეგიც ცხადად გამოჩნდა „ანბანეთის“ ზეიმზე.
საზეიმო „ამბები ანბანეთიდან“ 31 მაისს, ღია ცის ქვეშ, სკოლის წინ მდებარე კულტურის და დასვენების პარკში ჩატარდა.
პირველკლასელთა სწავლის ბოლო დღე, მეორე კლასში გადასვლის წინ, ნამდვილი, ანბანეთისთვის მახასიათებელი საზეიმო ელფერითა და შინაარსით წარიმართა.
თავისუფლებისა და გაზაფხულის ფერებში მორთულ გარემოში, მეოთხე საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, მუსიკალური კომპოზიციით: „მახსოვს პირველად სასწავლებელში“, მიესალმნენ საყვარელ მშობლებსა და პედაგოგებს, ბავშვებს.
მოუყვნენ მათ, თუ როგორ, რატომ და ვისთან ცხოვრობს „ანბანეთში“ 33 მეგობარი, 33 ქრთული ასო-ბგერა“! რა დატვირთვა აქვს „აი იას“, რატომ ახლავს სიტკბო ლას-სა თუ ენ-ს, რომელი უფო მიჰქრის ცისკენ , ჰა-ე თუ ც-ანი…
ეკა დარჩიას მუდამ ახალი ხედვით გაჯერებული სცენარები, ამჯერადაც მიზანს კიდე უფრო გასცდა ახალი სიმაღლისკენ. სწავლის და შრომის, როგორც პიროვნებად ჩამოყალიბების უალტერნატივო ცნებების არსი, არსად ისე მარტივად და შინაარსიანად არაა გადმოცემული, როგორც ლექსში „დედის დარიგება“ .
ბავშვების მიერ , სიმღერით შესრულებული: „გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება, /შრომა და ჯაფა ნუ დაგზარდება,/ მუდამ გახსოვდეს, რომ შენი შრომა,/ შენსა ქვეყანას გამოადგება“ _ ერთგვარ ჰიმნად გაისმა და სამკაულივით მოერგო სცენარის სიუჟეტს.
ეკა დარჩია, მეოთხე საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელი: ,,ამბები ანბანეთიდან“ …ეს ყველაფერი არის, საკლასო სივრციდან გადმოტანილი, რაც ამ პანდემიური ერთი წლის განმავლობაში შევქმენით. იყო გამოცნობანას ამბავი. ბავშვები იტყოდნენ ასოებზე გამოცანებს, დედიკოებს უნდა გამოეცნოთ… ბავშვებმა აგრეთვე ინსცენირებები გაითამაშეს. ეს იყო: „თხა და გიგო“, „ჯიუტი თხები“ და ასე შემდეგ. ჩვენთან მაღალია მშობელთა ჩართულობა, გავამხატვრულეთ შვილებთან ერთად შესრულებული დედაშვილობა. შევასრულეთ სიმღერები, ცეკვები. ვაჩვენეთ საგნების მასწავლებლების პერფომანსები…. ქაღალდის კოსტიუმების შექმნაში, ჩემი შვილი, ირინოლა ქარჩილაძე დაგვეხმარა..რაც შევძელით, ესაა… რაკი მოეწონათ, ეს მიხარია, მოტივაციას მიმაღლებს”.
პირველკლასელებს მიესალმა და „ანბანეთის ამბები“ შეაფასა მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორმა, ტარიელ კალანდაძემ.
„მინდა, მოგილოცოთ ეს ბედნიერი დღე და მადლობა გადავუხადო პედაგოგ ეკა დარჩიას კრეატიულობისთვის, ზომიერებისთვის, თავდადებისთვის, სიყვარულისთვის. ბავშვებს კი ვუსურვებ, მუდამ ემოგზაუროთ ანბანეთში, რომელიც 33 მზის სხივითაა გაბრწყინებული. მუდამ მაღლა და მზისკენ, სიახლეებისკენ, სიმაღლისკენ ეფრინოთ. პირველ რიგში კი ჯანმრთელობას ვუსურვებ თითოეულს ,“ _ თქვა მან.
უკლებლივ კმაყოფილი იყო ყველა მშობელი, რომლებიც განსაკუთრებულ პატივისცემას გამოთქვამდნენ პედაგოგის მიმართ
ავტორი