ლანჩხუთში ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა ჯერ კიდევ 2017 წელს გადაწყდა. როგორც მაშინ ითქვა, ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობისთვის 161 545 ლარი გაიხარჯებოდა, პროექტის გახორციელება აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო და წლის ბოლოსთვის დასრულებულიყო.
ტერიტორია, რომელიც შენობის ასაშენებლად შეირჩა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და გურიის ყოფილმა გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ ერთად დაათვალიერეს და მშენებლობის დაწყების პრეზენტაციისას იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ წლების განმავლობაში ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ავარიულ შენობაში უწევდა ყოფნა და რომ მალე საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალი ახალ შენობაში დაიდებდა ბინას.
მაშინ, ქვეყნის მასშტაბით, 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი აშენდა, აქედან ორი გურიაში _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში.
ჩოხატაურში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ახალი შენობა მაჟორიტარ დეპუტატთან ნინო წილოსანთან, ასევე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2018 წლის ბოლოს გახსნა.
რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს კვლავაც ძველ, ავარიულ შენობაში უწევს ყოფნა.
საგულისხმოა, რომ “გურია ნიუსი” ლანჩხუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობის ბედით, იქ შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის გამო, ერთი წლის წინაც დაინტერესდა. მაშინ შენობის გარე ფასადის უბრალო თვალის შევლებითაც კარგად ჩანდა, რომ იქ სამუშაოები ხელახლა ჩასატარებელი იყო _ ჩამოშლილი იყო ბათქაში, კედლები კი დაბზარული.
როგორც მაშინ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ გაგვიმარტა მშენებლობა ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა, ხოლო ის დაზიანებები, რაც სასწრაფო დახმარების ახალ აშენებულ შენობაზე იყო, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შეფერხებით იყო გამოწვეული.
“შენობის გარკვეული დაზიანებები მისმა უმოქმედობამ გამოიწვია _ აქ მხოლოდ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებიღა იყო დარჩენილი. სწორედ ამ სამუშაოების შეფერხებამ გამოიწვია შენობის დაზიანება, ნესტის გამო, გარკვეული ხარვეზებია შენობის შიგნით და გარე ფასადზეც ბათქაში ჩამოვარდა”, _ ამბობდა ჩხაიძე.
რაც შეეხება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორს ავთანდილ თალაკვაძეს, იგი მაშინ “გურია ნიუსთან” გაკეთებულ კომენტარში ამბობდა, რომ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მალე დაიწყებოდა და ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ახალ მოსახლეობას 2019 წლის შემოდგომისთვის იზეიმებდა.
მართალია, მაშინ ჩვენი დაინტერესების შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალ შენობაზე არსებული ხარვეზები მოკლე დროში აღმოიფხვრა, თუმცა, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების მალე დაწყებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრის პერსონალის ახალ შენობაში გადასვლის პირობა დროში გაწელილი დარჩა, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები იქ ახლა მიმდინარეობს.
ამჯერად საკითხის გასარკვევად “გურია ნიუსი” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრის პრესსამსახურში არაფერს ამბობენ მიზეზებზე, რის გამოც ორი წლის წინ აშენებული შენობა ისევ უმოქმედოდაა, თუმცა, განმარტავენ, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის ეზოში მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოების დამთავრება იანვრის ბოლოსთვისაა გათვალისწინებული, თუ, რა თქმა უნდა, ამინდმა შეუწყო ხელი, რის შემდეგაც მოხდება პერსონალის ახალ შენობაში განთავსება.