ძალიან შემაშფოთებელი, საგანგაშო მდგომარეობაა, როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფიით ვლინდება თავის ტვინის მოცულობის შემცირება, როდესაც ის არის უფრო პატარა, ვიდრე უნდა იყოს ნორმაში. თუ ამ სიტუაციას აღმოაჩენ, საჭიროა ძალიან კომპლექსური გამოკვლევა, – ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტმა და ნევროლოგმა შახინ ემანუელ ლაჰანიმ საქალაქო სასამართლოში ვიდეოჩართვისას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით გამოკითხვისას განაცხადა.
„ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, საგანგაშო მდგომარეობა, როდესაც კომპიუტერული ტომოგრაფიით ვლინდება თავის ტვინის მოცულობის შემცირება, როდესაც ის არის უფრო პატარა, ვიდრე უნდა იყოს ნორმაში. თუ ამ სიტუაციას აღმოაჩენ, საჭიროა ძალიან კომპლექსური გამოკვლევა, თუ რამ გამოიწვია ეს ცვლილება. თავის ტვინის მოცულების შემცირება ასოცირებულია იმ დაავადებებთან, რომელიც მას გააჩნია, მათ შორის, დემენცია და ეპილეფსია.
სამეცნიერო თვალსაზრისით, კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს ძალიან დიდ ალბათობას წარმოადგენს ის, რომ თეთრი ნივთიერების შემცირება დემენციის ერთ-ერთი შედეგია. იმისთვის, რომ სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი სურათი, მინდა ვთქვა, რომ დემენციის დიაგნოზი მარტო კომპიუტერული ტომოგრაფიით არ ისმება. დიაგნოზი კომპლექსური, ნევროლოგიური კვლევით ისმება. გონებრივი შესაძლებლობების შეფასება ხდება 2-დან 30-მდე, ის ყველა შემთხვევა, სადაც 26-ზე ნაკლებია, მეტყველებს თავის ტვინის დაზიანებაზე. ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა გვაჩვენებს, რომ ეს ქულა იყო 20, ეს მეტყველებს, რომ პათოლოგიაა“,- აღნიშნავს ექსპერტი.
მან გულყრის ეპიზოდებზეც ისაუბრა. როგორც ის განმარტავს, გულყრების ყველაზე მძიმე შესაძლო შედეგი უცაბედი სიკვდილია.
„გულყრებს შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს ინფექციური, ტოქსიკური მიზეზები, ასევე თავის ტვინის ორგანული დაზიანებაც. როდესაც არის გულყრა, ის იწვევს გონების დაკარგვას, და ფიზიკური დაზიანებების მიღების საშიშროებაა. როდესაც, არ ხდება გულყრების კონტროლი, ეფექტური მოვლენა, უფრო მძიმე ხარისხის გულყრების წარმოქმნის საშიშროება არის. გულყრების ყველაზე მძიმე შესაძლო შედეგი უცაბედი სიკვდილია. როდესაც ადგილი აქვს გულყრას, სასუნთქ გზებში ჰაერი ადეკვატურად არ მოძრაობას და ამან შეიძლება უცაბედი სიკვდილი გამოიწვიოს. გულყრების შედეგად მას აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანება, სახსრებში იყო დისლოკაცია, ამოვარდნილობა“,– აღნიშნავს ექსპერტი.