ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის,_ ამის შესახებ ნეტგაზეთს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გაგზავნილი კითხვის პასუხად მოსწერა.
ნეტგაზეთმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჰკითხა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოსა და ირანს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობებს აშშ-თან საქართველოს ურთიერთობებზე და უფრო ფართო რეგიონულ პოლიტიკურ საკითხებზე.
უცვლელად გთავაზობთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ პასუხს:
„ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის.
სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილის შეტანა, ისე დიდი სარგებლის მიღება იმ სტაბილურობისა და კეთილდღეობისგან, რომელსაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე.
ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მიერ გამოგზავნილ პასუხში.

































































