მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთო მიქაძე ერთ სახალისო შემთხვევას ხშირად იხსენებს:
„მობილური ტელეფონები ახალი შემოსულია და, რა თქმა უნდა, მეც შევიძინე და ამირან ბუაძემაც (ყველაზე სწრაფი რომაა საქართველოში).
შევხვდი ერთ „პახმელია“ დილით თეატრის ეზოში და ჩვენ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
– ბიჯო, ამირან, სად იყავი გუშინ? საქეიფოდ ვიყავი და ვერაფრით შენს ნომერზე ვერ დავრეკე, გათიშული გაქვს ტელეფონი?
– არა.
– აბა, რა მოხდა?
– მოიცა, შენ არაფერი იცი? – მომიბრუნა კითხვა.
– რა იყო, სიდედრი ხომ არ მოგიკვდა? – შემეშინდა მე.
– სიდედრის სიკვდილი ასე ადვილად არ ხდება. ვის აქვს მაგის ბედი!
– აბა, რა მოხდა?
– კაცო, გავიგე, რომ მობილური ტელეფონი თურმე სისხლს ათეთრებს, კიბოს აჩენს და კაცობას აკარგვინებს კაცებსო, არ გაიგია შენ მაგი?
– მერე, გაყიდე?
– რატომ უნდა გამეყიდა, ჩემს ბიჭს ვაჩუქე, რა ხანია, მეხვეწება!“