დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია და ყოველთვის შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის ენდობა კონსილიუმს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს. „კონსილიუმშია თავისი სპეციალობით საქართველოში გამორჩეული 5 ექიმი. მე თითოეულ მათგანს ძალიან კარგად ვიცნობ და უაღრესად დიდ პატივს ვცემ. ექიმები ხშირ შემთხვევაში აპოლიტიკური ხალხი ვართ და პაციენტთან არ ვიჭერთ მხარეს. პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია, ვინც არ უნდა იყოს ის. ამიტომ ეს კონსილიუმი და ის ალტერნატიული კონსილიუმი, სადაც ასევე ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან, ასევე ძალიან მაღალი დონის ექიმები არიან. ამიტომ ჩემი წინადადება და მოწოდებაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა.
ის უკვე პაციენტია და შესაძლოა იმ ზღვარზე მივიდეს, როცა აუცილებელია სამედიცინო ჩარევები და დახმარება. მოგეხსენებათ შიმშილობის შემდეგაც ე.წ. გამოსვლის, რეაბილიტაციის პერიოდი რთულია. ამიტომ დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას. მათ თქვან რა ტიპის ჯანდაცვითი მონიტორინგი სჭირდება დღეს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება და რეაბილიტაცია და სად უნდა ჩატარდეს ეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, პოლიტიკოსებმა და მედიამ გვერდზე უნდა გადადონ პოლიტიკური საკითხები. „მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით უნდა ვკონცენტრირდეთ ჯანდაცვის საკითხებზე და ამის გადაწყვეტილება მივანდოთ პროფესიონალ ექიმებს. ამ შემთხვევაში ორივე კონსილიუმი საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანებისგან შედგება, რომელთაც შეუძლიათ დამოუკიდებელი დასკვნის დადება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.