ამირან გამყრელიძის განცხადებით, 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში სწავლის განახლების რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე დაბლა იქნება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ის შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში ახლა მოქმედებს და ასევე ვაქცინაცია, შედეგს გამოიღებს და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდება.
„თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნება 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით, რომ ამ შეზღუდვებმა, რომელიც ახლა შემოვიტანეთ, აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ქვეყანაში. თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა ოთხ პროცენტს დაბლა, დღეს გვაქვს დაახლოებით 10 პროცენტის ფარგლებში, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 490 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 429 190, გარდაიცვალა 6 483 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.