დიდი, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, მათ შორის დედაქალაქში არ იგეგმება, ჩვენ – სახელმწიფომ, ექიმებმა, დამსაქმებლებმა და საზოგადოებამ უნდა ვმართოთ ეს პროცესი ერთად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსული ინფექციის მართვის პოლიტიკა შეიცვალა გაზაფხულის შემდეგ.
„გაზაფხულზე ჩვენც ნაკლები ვიცოდით ვირუსის ქცევის შესახებ. ძირითადად, ყველა ქვეყანა იყენებდა ძლიერ შემზღუდავ ღონისძიებებს, დღეს ჩვენ გავითავისეთ, რომ კორონავირუსულ ინფექციას ერთ და ორ დღეში ვერ გავაქრობთ, ვერც ორ თვეში და ვერც შეიძლება, ერთ წელიწადში. ამიტომ, უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად; ამიტომ, ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები მათ შორის თბილისში არ იგეგმება. მაგრამ იქ, სადაც იქნება საჭიროება ე.წ. წერტილოვანი დარტყმების და წერტილოვანი შეზღუდვების, როგორიც არის, სკოლაში ერთი ინფიცირებულის გამოვლენის შემთხვევაში, კლასი შეწყვეტს სწავლას და ბავშვები გადავლენ თვითიზოლაციაში. თუ სკოლაში გამოვლინდა ბევრი შემთხვევა, შეიძლება, დაისვას საკითხი იმ სკოლაში შეწყვეტის, მაგრამ არა მთლიანად სწავლის. ასეთი ტიპის შეზღუდვები შესაძლებელია, მაგრამ არ იგეგმება დიდი, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, მათ შორის დედაქალაქში. ჩვენ უნდა ვმართოთ პროცესი ერთად – სახელმწიფომ, ჩვენ, ექიმებმა, დამსაქმებლებმა და თქვენ, საზოგადოებამ. ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ პროცესი ვმართოთ, ეკონომიკა განვითარდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.