ქვეყანაში ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მესამე ტალღა, მეორესთან შედარებით უფრო იოლად გადავიტანეთ. თუმცა ეს ვერაფრით დაამშვიდებს იმ ადამიანებს, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა. არ გვქონია 5-6 ათასი შემთხვევა, როგორც ნოემბერში გვქონდა. ეს იმიტომ რომ გამოცდილებამ თავისი ქნა, თანაც ქვეყანაში გარკვეული ადამიანების რაოდენობას ინფექცია გადატანილი აქვთ. გასულ წელს მეორე ტალღა რატომ იყო მძიმე? აქ ორი ფაქტორი იყო: პირველი ტალღა საქართველომ ყველაზე უკეთესად გაიარა. მსოფლიოში პირველ ხუთეულში ვიყავით შემთხვევათა ყველაზე ნაკლები რაოდენობით. 1 500 შემთხვევა გვქონდა სექტემბრის შუა რიცხვებამდე და მხოლოდ 19 გარდაცვალება. შემდეგ გავთამამდით და არავინ იცავდა წესს და ამიტომ მოხდა მეორე ტალღის სერიოზული დარტყმა“, – განაცხადა გამყრელიძემ.