დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას და კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. მისივე თქმით, იმისათვის, რომ ბრძოლა ეფექტური იყოს, აუცილებელია, სამედიცინო პერსონალს საზოგადოებაც დაეხმაროს, გვერდით დაუდგეს და მოქალაქეებმა კორონავირუსთან ერთად ცხოვრება ისწავლონ.
„საზოგადოება უნდა ვიყოთ მზად და მივეხმაროთ იგივე სამედიცინო პერსონალს, რადგან როგორც წესი, მარტო სამედიცინო პერსონალი პანდემიებს ვერ უძლებს, თუ აქ არ არის დიდი საზოგადოებრივი მოძრაობა, დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ასევე თვითშეგნება იმისა, რომ სერიოზული საფრთხის წინაშეა სამყარო. პანდემია არ ჩერდება. კიდევ უფრო ვითარდება. ის არ მორჩება დღეს, ერთ თვეში, არც ორ და სამ თვეში, არამედ კიდევ კარგა ხანს იქნება, ამიტომ უნდა ვისწავლოთ მისი მართვა და მასთან ერთად ცხოვრება, რათა კაცობრიობა მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეს ამ დიდი გამოწვევდან“, _ განცხადა ამირან გამყრელიძემ.