დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებასთან დაკავშირებით პირველ არხთან განაცხადა, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს ყველა პირობა, რომ განხორციელდეს ავადმყოფთა მართვა საერთაშორისო სტანდარტების დონეზე.
„უშუალოდ წერილებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მოგახსენებთ, რომ ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, არის ფლაგმანი საავადმყოფო ქვეყანაში ინფექციებთან ბრძოლის და განსაკუთრებით ახლა, კოვიდპანდემიის პერიოდში, რომელმაც უზარმაზარი როლი შეასრულა ინფექციის შეჩერებისა და სწორად მართვის პროცესში. ამ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს ყველა პირობა, რომ განხორციელდეს ავადმყოფთა მართვა საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. ეს პრობლემები, რაზეც საუბარია, სამწუხაროდ დიდი ხანია, არსებობს და ვერ გადაწყდა. კარგია, რომ ახლა უკვე სწორ გზაზეა გადაწყვეტის მიმართულება, გამოყოფილია შესაბამისი თანხა, რომ ინფექციურ კლინიკას მალე ახალი საავადმყოფო ჰქონდეს, სრულად აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. ამავდროულად, გამოიყო თანხა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ, რომ მათ ვიდრე ახალი საავადმყოფო გაიმართება, დროებით წესრიგში მოიყვანონ ის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც საავადმყოფოს აქვს“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება 20 აგვისტოდან შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობას უკავშირდება.
გუშინ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის მინისტრი არ იყო ინფორმირებული ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში არსებულ ვითარებასა და 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების შესახებ.