საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი დღეს ბახმაროში იმყოფებოდა, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა მოინახულა.

როგორც სოზარ სუბარმა “გურია ნიუსთან საუბრისას განაცხადა, დღეს ბახმაროში “საუკუნის პრობლემა გვარდება”.
“ბახმაროში ძალიან ბევრი კარგი პროექტი ხორციელდება, რასაც ამ წუთას ვუყურებთ (საუბარია ბახმაროში მიმდინარე გამრიცხველიანებაზე _ პროექტის მიხედვით ბახმაროში უნდა აშენდეს 9 სატრანსფორმატორო ქვესადგური; მომხმარებლების სიახლოვეს დამონტაჟდება 12-მრიცხველიანი ჯგუფური ძალოვანი კარადები, საერთო ჯამში _ 345 კარადა, საიდანაც სპილენძის მრავალძარღვა მიწისქვეშა კაბელით მოხდება აბონენტების ელექტრომომარაგება; თითოეულ აბონენტთან კი დამონტაჟდება ავტომატური ამომრთველი გარე დადგმულობის ინდივიდუალურ კოლოფში, რომელზეც მიერთდება აბონენტის შიდა ქსელი), ამით საუკუნის პრობლემა გვარდება.

როგორც ვიცით, უშუქობა და უწყლობა ბახმაროს მუდმივი პრობლემა იყო, დღეს კი უკვე დასრულების პირასაა ის სამუშაოები, რაც ამ პრობლემებს მოხსნის და 12 თვის განმავლობაში ბახმაროს ექნება კარგი ხარისხის ელექტროენერგია და წყალი. დენი გვაქვს ახლა ბახმაროში, მაგრამ დაბალი ძაბვაა ძალიან და არაა მუდმივად. სამომავლოდ ბახმაროს მაღალი ხარისხის ელექტრომომარაგება ექნება. მოხდება მოსახლეობის გამრიცხველიანება, ყველამ უნდა იცოდეს, რა რაოდენობის დენს მოიხმარს და იქნება შესაბამისი გადახდაც. რაც მთავარია, ეს იქნება უწყვეტ რეჟიმში. წელიწადის ოთხივე დროს. იგივე შეეხება წყალს _ წყლის მოხმარებაც იზრდება, ბუნებრივია, რადგან ძალიან ბევრი ახალი მშენებლობა მიდის. ადრე ვინც დადიოდა ბახმაროში, ამბობენ, რომ წყლის რიგებში ვართ გაზრდილიო. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალი ყველა ოჯახს ექნება და რა თქმა უნდა, ამასაც სჭირდება მოხმარებული რაოდენობის აღრიცხვა.

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ძალიან კარგი ინიციატივაა გუბერნიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან, რომ თანამდებობის პირველი პირებიდან დაწყებული, ყველამ ერთად იზრუნა, რომ ბახმარო დასუფთავებული შეხვდეს ტურისტულ სეზონს.
ცნობისთვის, დღეს ბახმაროში გურიის გუბერნიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთობლივი დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ჩოხატაურის საკრებულოს წევრებმა და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა.



































































