„ვითომ ქვეყანას იცავენ, მაგრამ გასუსულები არიან, როცა ქართულ მიწებს ისაკუთრებს და ადამიანებს იტაცებს ოკუპანტი, გასუსულები არიან, როცა ქვეყანა იცლება ადამიანებისგან, რომლებიც სიღარიბეს და უიმედობას გაურბიან. მარტო “გეიებზე” ახსენდებათ სამშობლო!“ _ ასე აფასებს ანა ნაცვლიშვილი ,,ქართული მარშის’’ საპროტესტო აქციას.
,,რა ღუპავს საქართველოს? სიყალბე! აი, ეს ფეიკი პატრიოტები, რომლებიც ვითომ ქვეყანას იცავენ, მაგრამ გასუსულები არიან, როცა ქართულ მიწებს ისაკუთრებს და ადამიანებს იტაცებს ოკუპანტი, გასუსულები არიან, როცა ქვეყანა იცლება ადამიანებისგან, რომლებიც სიღარიბეს და უიმედობას გაურბიან საზღვარგარეთ, გასუსულები არიან, როცა ათასობით ბავშვი შიმშილობს, როცა მათი მშობლები თავზარდაცემულები არიან – რით გაიტანონ თავი, გასუსულები არიან, როცა ჰაერში იმდენი ტყვია ტრიალებს და პირდაპირი გაგებით გადაგვარებით და დაავადებით ემუქრება ქვეყნის მომავალ თაობას, გასუსულები არიან, როცა ადამიანები ცვივიან მშენებლობებიდან და იღუპებიან და ა.შ. გასუსულები არიან ოლიგარქია რომ იტაცებს ამ ქვეყანას,
მარტო “გეიებზე” ახსენდებათ სამშობლო!
ეს ფილმი შეიძლება არ მოგწონდეს, გაღიზიანებდეს, ან არ გაინტერესებდეს და არ უყურო. ეს ყველას უფლებაა და დაცული უნდა იყოს. მაგრამ! ძალადობა და ძალადობის მუქარა არ არის გამოხატვის თავისუფლება, დანაშაულია! ნათელია, რომ ამ ჯგუფებს ხელისუფლება ახალისებდა და ახალისებს, და მერე იყენებს, როგორც “სიტუაციას სჭირდება” ისე, ზოგჯერ ძალის დემონსტრირებისთვის, ზოგჯერ ყალბი დღისწესრიგის შესადგენად და ყურადღების გადასატანად’’, _ განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.