26 ოქტომბრის არჩევნები არის ქართველი ხალხის ნების რუსული სპეცოპერაციის მეთოდებით მიტაცება, რუსეთის ჩარევით, დაკვეთით და „ქართული ოცნების“ ასრულებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ნაცვლიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, ანა ნაცვლიშვილის თქმით, არჩევნებს გაყალბებას საერთაშორისო გამოძიება სჭირდება.
„ამ სიუჟეტებში მრავლობითი სქემებია ახსნილი სწორედ დანაშაულებრივი მოქმედებების შესახებ, რომელზეც ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ პირველივე საათებში ვსაუბრობდით, როდესაც ნათელი გახდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მიიტაცა რუსმა ოლიგარქმა რუსული სპეცოპერაციის მეთოდებით და ქართველი ხალხის ნება გააყალბა. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩადენილი უმძიმეს დანაშაული რუსეთის ჩარევის ნათელ კვალს ატარებს საქართველოს არჩევნებში და ასევე, მრავლობითი დანაშაულების, რასაც საერთაშორისო, საგანგებო გამოძიება სჭირდება. ეს ვერ და არ იქნება გამოძიებული „ქართული ოცნების“ ჯიბის პროკურატურის მხრიდან ორი მიზეზის გამო: პირველი, ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდნენ, ნათელია, რომ ჰქონდათ დაუსჯელობის აბსოლუტური გარანტია და განცდა.სხვა შემთხვევაში, ამ დანაშაულებრივ სქემაში არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი მონაწილეობას არ მიიღებდა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურას რომ ჰქონოდა არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების სურვილი, მიიღებდა იმ ზომებს, რაც კანონმდებლობით ევალება.
„26 ოქტომბრის არჩევნები არის ქართველი ხალხის ნების რუსული სპეცოპერაციის მეთოდებით მიტაცება, რუსეთის ჩარევით, დაკვეთით და „ქართული ოცნების“ ასრულებით. ამიტომ, ამას სჭირდება საგანგებო, საგამოძიებო მექანიზმი, საერთაშორისო მისია. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს ევროკავშირის მექანიზმი, რომელიც ფაქტებს შეისწავლის და მომხდარის დანაშაულებრივ ბუნებას სრულად, მიუკერძოებლად დაადგენს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, შეგროვებული აქვთ მტკიცებულებები, რაც ადასტურებს იმას, რომ არჩევნები გაყალბდა.