არ მინდა, ცხოვრებაში ოდესმე დავდგე იმ ვითარების წინაშე, როდესაც დავთმობ ჩემი ქვეყნის მოქალაქეობას, _ ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას განაცხადა.
„ზურაბ ადეიშვილი როგორი პროკურორი იყო ამაზე ბევრი შეფასება მქონდა, მაშინაც, როდესაც მთავარი პროკურორი იყო და ცხადია, დღესაც იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პერიოდის მთავარი პროკურორი.
მოქალაქე ადეიშვილი რას გადაწყვეტს, ეს მისი უფლებაა, არ მინდა, ცხოვრებაში ოდესმე დავდგე იმ ვითარების წინაშე, როდესაც დავთმობ ჩემი ქვეყნის მოქალაქეობას“, _ განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს თავისივე სურვილით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქართველოს მოქალაქეობაზე მას უარი ეთქვა. შესაბამის დოკუმენტს ხელს საქართველოს პრეზიდენტი აწერს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა 4 მარტს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა, ვინაიდან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
სერვისების განვითარების სააგენტომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა.