ოზურგეთის მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელებმა „ანბანის შემობრძანება“ იზეიეს.
_ საყვარელო ბავშვებო, საანბანო გაკვეთილს ზეიმის სახე მივეცით… ყოველ გაკვეთილზე ასე ხომ არ ხდება? იმიტომ, რომ ეს დღე გამორჩეულია. თქვენ ჯერ ორ ასო-ბგერას , შემდეგ კი თანდათან ოცდაცამეტივეს ისწავლით…- ასე მიმართა ათ პირველკლასელს პედაგოგმა ნინო ვაშალომიძემ. მან აუხსნა ბავშვებს და მშობლებს, ყველა დამსწრეს, საინტერესო სცენარის მიხედვით, „ქოხი ტყეში“, რომელიც ანბანის იყო, ბავშვებმა როგორ იპოვეს. მერე შიგ შეიყუჟნენ და პედაგოგის მოხმობისას სათითაოდ გამოვიდნენ და მერხებს მიუსხდნენ.
მასწავლებელმა ნინო ვაშალომიძემ სხვადასხვა აქტივობები ჩაატარა, დაწყებული მონიტორზე სლაიდების მოშველიებით, „დედა ენას“ ავტორის, იაკობ გოგებაშვილის გასაცნობად და დასრულებული ანის და ინის სასეირნოდ გამოსვლით, ჰაერში თუ შაქრიან თეფშზე ასოების მოხაზვით. და ბოლოს, ლამაზი მედალიონების ჩამორიგებით, რომელზეც იისფრად ეწერა „აი ია“.
დასასრულს ბავშვებმა შეასრულეს მუსიკალური ნომერი, რომელიც „დედა ენას“ ეძღვნებოდა.
_ახლა ჩვენ მეორე საჯარო სკოლის სივრცეში ვიმყოფებით, რადგან ჩვენს სკოლაში სარემონტო სამუშოებია. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, რასაც ამინდის ცვლილება დაემატა, საუცხოო გარემო შეგვიქმნა დირექციამ, პედკოლექტივმა. ბედნიერი ვარ, რომ ბავშვებს ამ გამორჩეული ზეიმის საუცხოოდ აღქმის საშუალება მიეცათ, _ თქვა მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა ლელა საჯაიამ.
ავტორი