23 აპრილს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის „სამეფო თასის“ გადამწყვეტ შეხვედრაში კლუბ „ბეტისს“ დაუპირისპირდება. ესპანეთის საფეხბურთო პირველობის მორიგ შეხვედრაში „ვალენსია“ სტუმრად „ვილიარეალს“ შეხვდა. ამჯერად ქართველი კარის დარაჯი მინდორზე ვერ ვიხილეთ და მის ნაცვლად ნიდერლანდელმა იასპერ სილესენმა იასპარეზა. მატჩი „ვილიარეალის“ გამარჯვებით დასრულდა – 2:0.
შეხვედრის შემდეგ „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მეკარეების შესახებ შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ადრეც ვთქვი, სამივე მეკარე კარგად ვარჯიშობს. დღეს არჩევანი სილესენზე შევაჩერე. ეს იყო თამაში, რომელშიც გადავწყვიტე, რომ იასპერი უნდა ყოფილიყო, დანარჩენს კი შაბათს ვნახავთ, ვინ ითამაშებს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მამარდაშვილმა არ ითამაშა, ის იყო, რომ მოგეხსენებათ, მეორე გუნდიდან მხოლოდ 3 ფეხბურთელის თამაშია დასაშვები. ცენტრალური მცველების დასვენება მოგვიწია, რადგან ტრავმების რისკზე ვერ წავიდოდით. მაგალითად, გაბრიელ პაულისტა ჯერ 100%-ით მზად არ არის და ვიმედოვნებთ, რომ ფინალისთვის სრულად მომჯობინდება. ვეცადეთ, რომ თავი დაგვეზღვია. ამიტომაც ითამაშეს რუბენ ირანცომ, კრისტიან მოსკერამ და ხესუს ვასკესმა“.
გუშინ, იტალიურმა გამოცემამ „Gazzetta Dello Sport“ ხვიჩა კვარაცხელიას რამდენიმე სიტყვა მიუძღვნა:
„ნაპოლი“ „რომასთან“ ვერ მოგების შემდეგ იტალიის ჩემპიონობაზე ოცნებას გამოემშვიდობა. ახლა უფრო მეტი დრო და საფუძველი აქვთ, მომავალზე იფიქრონ. ასე მოიქცევა ლუჩანო სპალეტიც, რომელიც დასანანი მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ შეხვედრას იხილავდა. შემტევი, რომელიც ინსინიეს მემკვიდრეობას იკისრებს, „გაგრას“ წინააღმდეგ უდავო ვარსკვლავი იყო, რომელმაც საკუთარი ნიჭი სრულად გამოავლინა. ხვიჩამ 2 ძალიან კარგი გოლი გაიტანა, მაგრამ კვარაცხელია მხოლოდ გამტანი არაა – პირველი გოლის დროს ფლანგიდან მშვენიერი საგოლე პასიც შეასრულა.“
გუშინ, ახლო წარსულში ცნობილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა, ანდრეი შევჩენკომ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე მარიუპოლში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება სთხოვა.
„ეს ვიდეო რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ქალაქ მარიუპოლშია გადაღებული, რომელზეც თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება. ადამიანებმა თავიანთი სახლები დაკარგეს და 2 თვეა ბუნკერებში ისე ცხოვრობენ, რომ მინიმალური საკვები აქვთ. ისინი მხოლოდ ერთ რაღაცას ითხოვენ – მწვანე დერეფნებს! მინდა, საერთაშორისო საზოგადოებასა და მსოფლიო ორგანიზაციებს მივმართო, რომ მათ დაეხმარონ და უსაფრთხო დერეფნები მოაწყონ, რათა ხალხმა უსაფრთხო ადგილას გადასვლის შანსი მიიღოს“.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2022 წლის უიმბლდონის ტურნირზე რუს და ბელორუს ჩოგბურთელებს არ დაუშვებენ.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი 1973 წლის უიმბლდონის ფინალისტმა, ქართველმა ალექსანდრე მეტრეველმა გააკეთა.
„უიმბლდონი დიდი ტურნირია. თუ მასში მონაწილეობას ჩვენი ჩოგბურთელები არ მიიღებენ, ბევრ ქულას დაკარგავენ, მაგრამ ეს პოლიტიკაა და არა სპორტი. სამწუხაროა, რომ ამ მდგომარეობაში ვართ. არ ვიცი, როგორ დასრულდება საბოლოოდ ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაისის შუა რიცხვებში უნდა იყოს მიღებული. ვისურვებდი, რომ ტურნირზე უძლიერესმა ჩოგბურთელებმა ითამაშონ. რამდენად იმოქმედებს ეს ყოველივე რეიტინგზე? მედვედევი ახალი გამოჯანმრთელებულია და საერთოდ არ თამაშობს. საერთოდ აპირებდა ის უიმბლდონზე ასპარეზობას?! სხვები ცოტა უკან დაიხევენ, მაგრამ ამის გამოსწორება მომავალში კარგი თამაშით შეიძლება”, – განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა.
ორი დღის წინ, ჩეხეთის საფეხბურთო ჩემპიონატში „სპარტასა“ და „სლოვაცკოს“ შეხვედრა ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც სტუმართა რუსმა ნახევარმცველმა ვლადისლავ ლევინმა უკრაინის მხარდასაჭერ ჟესტზე უარი განაცხადა.
ეს პრაღაში გამართული შეხვედრის დაწყების წინ მოხდა, როდესაც ტაბლოზე უკრაინის დროშა გამოისახა, ფეხბურთელები კი მოედნის ცენტრში შეიკრიბნენ და ომში მყოფი უკრაინა აპლოდისმენტებით გაამხნევეს.
ამ დროს კადრში რუსი ფეხბურთელიც გამოჩნდა, რომელიც ტაშის მაგივრად ხელებს ჯერ ისრესდა, შემდეგ კი დემონსტრაციულად უკან წაიღო და აქციას არ შეერთებია.
ჩეხეთში ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. „სლოვაცკოს“ მთავარმა მწვრთნელმა რუსი ლეგიონერი მალევე შეცვალა, თამაშის შემდეგ კი შეცდომად მიიჩნია ის, რომ ვლადისლავი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.
აღნიშნულ ამბავზე უკრაინულმა ვებ-გვერდებმაც დაწერეს. ერთ-ერთმა მათგანმა წერილი შემდეგნაირად დაასრულა: „ლევინს ვუსურვებთ კარიერის დარჩენილი ნაწილი „კრილია სოვეტოვში“ გაეტარებინოს“.