რეზოლუციის შექმნის იდეას, რომელიც პარლამენტში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით იქმნება, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამოქალაქო რეფორმაციის” დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი გამოეხმაურა _ მისი თქმით, ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით რეზოლუცის შემუშავება შედეგის მომტანი არ იქნება:
“ვფიქრობ, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება უმოქმედოა. არ არის გასაკვირი, რომ არაკეთილმოსურნე ქვეყანა თავს არ შეიწუხებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ამ შემთხვევაში, რუსეთის როლი არის ძალიან დიდი _ ის არის ყველა გადაწყვეტილების მიმღები. ძალიან სამარცხვინო და სამწუხარო რამ მოხდა ტატუნაშვილთან დაკავშირებით.
რაც შეეხება რეზოლუციას, ეს არის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ცხადია, რეზოლუცია არაფერს შეცვლის იმიტომ, რომ რეზოლუცია რაიმე სახის კონსენსუსს არ ნიშნავს _ არის ჩვეულებრივი სიტყვების რახარუხი.
სახელმწიფოს აქვს ერთადერთი გამოსავალი _ საზოგადოებასათან ერთად იყოს შეჯერებული გარკვეულ მიმართულებებზე, ქმედებებზე. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ სახელმწიფო პრაქტიკულად ფურცელზე გვაქვს დატანილი”, _ განაცხადა “გურია ნიუსთან” ანდრო ბარნოვმა.
ცნობისთვის, ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე პარლამენტში რეზოლუციის ორი პროექტია მომზადებული. ამათგან ერთის ავტორი უმრავლესობაა, ხოლო მეორის _ საპარლამენტო უმცირესობა.