ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას ,,გურია ნიუსთან“ აფასებს. მისი თქმით, აქცია პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ხალხმა ჩაიგდო ხელში, რომლებმაც პრემიერს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ მისცეს. გეგიძე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სამარცხვინო დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს.
,,პრემიერი არის ქვეყნის ლიდერი და როცა ხალხში მართლმსაჯულების სისტემის მიმართ უსამართლობის განცდა იგრძნობა, ის ხალხთან უნდა მივიდეს. სამწუხაროდ, აქცია არ აყო მხოლოდ მართლმსაჯულების მიმართ გამოხატული პროტესტი. აქცია ხელში ჩაიგდეს პოლიტიკური ინტერესები მქონე ჯგუფებმა, კერძოდ, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ე.წ. წარმომადგენლებმა, რომლებიც მათი გაქცეული ლიდერის სამარცხვინო დავალებებს ასრულებენ, აქედან გამომდინარე, ხალხმა შეძლო ის, რასაც სახლიც არ აქვს, შეძლო და პრემიერს არ მისცა საშუალება, რომ ხალხისთვის მიემართა. დარწმუნებული ვარ, პრემიერ–მინისტრის მისვლა იმის გამოხატულება იყო რამხელა პატივისცემას ადასტურებს დღევანდელი ხელისუფლება თავისი მოქალაქეების მიმართ. თავად ხელისუფლების შიგნით არსებობს იმის რესურსი და ნება, რომ მიღებულ იქნას სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა დაინახავს, როგორც გუშინ დაინახა ყველამ რას ცდილობდნენ ანგაჟირებული და ჭკუიდან შეშლილი ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებმა პოლიტიკური ველიდან გააძევეს“. _განაცხადა გეგიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აქციაზე მივიდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. აქცია, რომლის მონაწილები ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ, გუშინ გვიან ღამით დაიშალა. აქცია დღეს, 16:00 საათზე, განახლდება.