,,ჩვენ ახლა, არსებითად, ახალ პანდემიაში ვართ. ბრიტანული მუტაცია დომინანტური გახდა. პრინციპში, ახალი ტიპის, მაგრამ ძალიან განსხვავებული მახასიათებლების მქონე ვირუსის წინაშე ვდგავართ, რომელიც უფრო ფატალური და უფრო გადამდებია“ – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ქვეყანას განსხავებული მახასიათებლების მქონე ვირუსთან უწევს ბრძოლა.
ანგელა მერკელმა და რეგიონების ხელმძღვანელებმა გუშინ გამართული რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ „ლოქდაუნის“ 18 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, აღდგომის დღესასწაულის დღეებში, 1-5 აპრილს, ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება. აღნიშნულ პერიოდში დაიხურება ყველა მაღაზია. სუპერმარკეტები მხოლოდ შაბათ დღეს, 3 აპრილს, იმუშავებენ. აღდგომის დღეებში მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ, კერძო წვეულებებზე შეკრებილების რაოდენობა ხუთს არ უნდა აღემატებოდეს და სტუმრების მიღება მხოლოდ ერთი ოჯახიდან იქნება დასაშვები.