25 დეკემბერს, ქალაქ ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით და ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება – ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას ქართველი მომღერლები მიიღებენ: მარიკო ებრალიძე, ოთო ნემსაძე, ანა უზნაძე, სტატუს ბენდი, ანრი ჯოხაძე, ჯგუფები “გორდელა ” და “შერეკილები”. წამყვანი: გიორგი დიასამიძე.
ცალკე აქტივობები არის დაგეგმილი ბავშვებისთვის და ასევე იქნება საახალწლო სოფელი, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა ფეისბუქში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანრი ჯოხაძეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 19000 ლარს ჩაურიცხავს. ამ ეტაპზე უცნობია სხვა შემსრულებლების ჩამოყვანა რა დაუჯდება კონცერტის ორგანიზატორებს.
2025 წლის 25 დეკემბერს, თეატრალურ მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიების ორგანიზება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 59 950 დაუჯდება. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ „შპს ლამე“-მ მიიღო მონაწილეობა და ის გახდა გამარჯვებული.





























































