პირბადის ტარების შესახებ რეგულაცია ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა.
იმ გამოცდილების ფონზე, რაც გვაქვს მეზობელ ქვეყნებში, იმ საერთაშორისო გამოცდილების ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, ასევე ექსპერტების და ეპიდემიოლოგების რჩევებიდან გამომდინარე, აუცილებელია პირბადის ტარება – დღეს არის საკმაოდ მკაცრი რეგულაცია. ვინაიდან ჩვენ ვართ კორონავირუსთან ბრძოლის ახალ სტადიაზე, მიგვაჩნია, რომ პირბადის ტარების წესი უნდა ისჯებოდეს არა 2 ათასი ლარით, არამედ ადმინისტრაციული წესით – 20 ლარით. შესაბამისად, ეს არის დროებითი ღონისძიება. შესაბამისად, ეს წესი ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე. სწორედ იმ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, რაც იქნება სტატისტიკურად, რაც იქნება ეპიდემიოლოგების რჩევა და რა მოცემულობაც იქნება რეგიონში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, როგორი რეგულაციებით ვიმოქმედებთ 15 ივლისის შემდეგ. ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დასჯა, ჩვენი მიზანია პრევენცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევაკავოთ ამ ვირუსის გავრცელება.
პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიც არის: სკვერები, ღია სივრცეები, ქუჩა – პირბადის ტარება აქ არ მოითხოვება.
რაც შეეხება დახურულ საჯარო სივრცეებს, რაც არ არის განკუთვნილი კერძო საკუთრების მიზნებისთვის, აქ სავალდებულოა პირბადის ტარება. სერვისით სარგებლობის დროს, სავაჭრო ობიექტებში, ასევე საჯარო დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით გადაადგილების დროს, აუცილებელია პირბადის ტარება. ეს არის ვირუსის გავრცელების შეკავების ერთ-ერთი ეფექტიანი მექანიზმი,” – განაცხადა ოხანაშვილმა.