საქართველოს პარლამენტის წევრს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეუარაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ. შემთხვევა ბაკურიანში მდებარე ერთ-ერთ კაფეში მოხდა, სადაც ის ოჯახთან ერთად ვახშმობდა.
“ბაკურიანში ჩემს სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი კაფეში, სასრიალოსთან ახლოს და ვვახშმობდით. ამ დროს ჩემთვის უცნობმა კაცმა დაიწყო შეურაცხყოფის მოყენება და დებოში ატეხა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა. შვილებზე მუქარაც იყო,” – ამბობს ოხანაშვილი „კურიერთან“ საუბრისას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც დეპუტატს შეურაცხყოფა მიაყენა, ვახტანგ რობაქიძეა. პოლიციამ რობაქიძე ადმინისტრაციული წესით უკვე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარას. ამ დროისთვის კი რობაქიძე პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით, 173 მუხლითაა დაკავებული.