ამერიკის კოსმოსური სააგენტოს (NASA) და კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 40-წლიანი კვლევების შემდეგ განაცხადეს, რომ ანტარქტიდაში მყინვარების დნობის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. თავის მხრივ მეექვსე კონტინენტზე ყინულის დნობა გამოიწვევს მსოფლიოში ოკეანისა და ზღვის დონის აწევას 4,5 მეტრით. შესაბამისად მსოფლიოს სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი, მათ შორის სანაპირო ქალაქები, წყალქვეშ აღმოჩნდება.
„უახლოეს ათწლეულებში დასავლეთ ანტარქტიდის დნობა იქნება მსოფლიო ოკეანის დონის ზრდის ძირითადი მიზეზი“, _ აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ერიკ რიგნოტმა. მარტო ამუნდსენის ზღვის რეგიონის ყინულის დნობა მსოფლიო ოკეანის დონეს 1,2 მეტრით აწევს.
ანტარქტიდის ყინულოვანი ჯავშნის დნობა გამოწვეული პირველ რიგში გლობალური დათბობით და ოზონის ხვრელით.
„მიმდინარეობს ჯაჭვური რეაქცია, რომლის შეჩერებაც უკვე შეუძლებელია“, _ განაცხადა რიგნოტმა და აღნიშნა, რომ მყინვარების დნობა გაგრძელდება არაერთი საუკუნე და ახლა ჩვენ მხოლოდ პროცესის საწყის ეტაპს ვაკვირდებით.
ანტარქტიდის ყინულები შეიცავენ მტკნარი წყლის მსოფლიო მარაგის 81%-ს და ხმელეთზე განლაგებული ყინულის 90%-ს. მისი საერთო მოცულობაა 30 მლნ კუბური კილომეტრია. მისი სრული დნობა (რაც, ჯერჯერობით, პროგნოზირებული არაა) მსოფლიო ოკეანის დონეს 70 მეტრით აწევს. გრენლანდიის მყინვარების სრული დნობა ოკეანის დონეს კიდევ 8 მეტრით გაზრდის.
აღმოსავლეთ ანტარქტიდაში ყინულოვანი ფარის ფუნდამენტს წარმოადგენს კონტინენტური ქანები და მისი სიღრმე უმნიშვნელოა, მაშინ, როდესაც დასავლეთ ანტარქტიდაში ყინულის ფუნდამენტი ზღვის ფსკერზეა. მაგალითად, ბენტლის ღრმული მთლიანად ყინულისაგან შედგება და მისი სიღრმე ზღვის დონიდან 2,5 კილომეტრს აღემატება. კონტინენტის სიღრმეში კი ყინულის სისქე 1-1,3 კილომეტრსაც აღწევს.