ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციურ პარტიებს ფინანსების გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებს.
როგორც ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარემ, რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არსებობს ეჭვი, რომ ოპოზიციური პარტიები კანონდარღვევით იღებენ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან.
„ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება”, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ელენე ხოშტარია, ახალი ერთობა – გვარამია, მელია“ დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.
ამავდროულად, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციების ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული სქემით უცხოური ფული პოლიტიკური პარტიებისა და პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს საფრთხეს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის“, – თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.
გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოსცა გადაწყვეტილება, რომლითაც კოალიცია „ძლიერი საქართველოში“ შემავალ მოძრაობას ფინანსური ანგარიშების წარდგენა დაავალა.
„ანტიკორუფციული ბუროს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ და ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე და მოძრაობის 24 წევრს დაევალა ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან ისინი ვალდებული არიან ანტიკორუფციულ ბიუროს კანონით დადგენილი წესით წარმოუდგინონ ფინანსური ანგარიშები, რის საჯაროობასაც უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიურო“, – თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.
დამატებთ, მან ყველა პარტიას დაავალა 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაწეული ხარჯების შესახებ მიაწოდონ უწყებას ინფორმაცია.
ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელს არ უსაუბრია სახელისუფლებლო პარტიის – „ქართული ოცნების“ საქმიანობის შესახებ.